Thumbnail
  • ვერონა 1:3 მილანი
  • პიოლიმ და მალდინიმ აქცენტი გუნდის ფსიქოლოგიაზე გააკეთეს
  • ანგარიშში უკან გასვლის შემდეგ მილანი არ დაიბნა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

გუშინ საღამოს მილანმა ვერონას სანდრო ტონალის დუბლის წყალობით მოუგო და 'სკუდეტოსთვის' ბრძოლაში ფუნდამენტური მნიშვნელობის გამარჯვება მოიპოვა. მატჩის შემდეგ სტეფანო პიოლი ძალიან კმაყოფილი იყო და აქცენტი გუნდის ფსიქოლოგიაზე გააკეთა. მილანი აგებდა, გოლი გაუუქმეს, თუმცა ამის მიუხედავად, თამაშში დაბრუნება მაინც მოახერხა.

სტეფანო პიოლი: "გამბედაობა და თვითრწმენა შენი გამოცდილებიდან და შედეგებიდან მოდის. მაგალითად, გუშინ პირველ 25 წუთში რომ ვერ გავიტანეთ, არ დავბნეულვართ და ქაოტურად თამაში არ დაგვიწყია, რადგან ვიცოდით, რომ კარგად, მაღალ დონეზე ვთამაშობდით. ასეთი რამეები გამოცდილებიდან მოდის."

ფსიქოლოგიურ ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება მატჩის შემდეგ პაოლო მალდინიმაც. მისი თქმით, იოლად შეიძლებოდა, ვერონას გოლის შემდეგ მილანი დაბნეულიყო: "ახლა, როცა გუნდის გარშემო ამხელა ენთუზიაზმია, ყველაზე რთული სიმშვიდის შენარჩუნებაა. თუ ასეთ სიტუაციაში გოლს უშვებ და ფსიქოლოგიურად მზად არ ხარ, შეიძლება თავი დაკარგო და სათამაშო კრიზისში აღმოჩნდე. გუნდმა სწორი რეაქცია აჩვენა. მთელი სეზონია, მილანი წნეხის ქვეშაა, თუმცა ამას უკვე მივეჩვიეთ."

პიოლიმ განსაკუთრებით გამოარჩია მატჩის გმირი სანდრო ტონალი. ამ უკანასკნელმა ჯერ ორიოდე კვირის წინ ლაციოსთან ბოლო წამებზე მოაგებინა 'როსონერის', ახლა კი ვერონას ორჯერ გაუტანა. პიოლიმ ტონალისთან პირველი შეხვედრა და მათ შორის დიალოგი გაიხსენა: "როცა პირველად შევხვდი, ვკითხე, რა იყო მისი იდეალური პოზიცია. მიპასუხა, ყველა ანდრეა პირლოს მამსგავსებს, თუმცა, ჩემი აზრით, უფრო ჯენარო გატუზოს ვგავარო. ალბათ ამ ორის გარდა ტონალის დანიელე დე როსის თვისებებიც აქვს."

მილანს შემდეგ ტურში ატალანტა ელის, სეზონს კი სასუოლოსთან გასვლით ამთავრებს. პიოლის გუნდს 4 ქულა სჭირდება ჩემპიონობისთვის.

კომენტარები

ბოლო ამბები