Thumbnail
  • კილიან მბაპეს რეალის საბოლოო შეთავაზებაც არ მოეწონა
  • გამორიცხული არ არის, რომ ტრანსფერი ჩაიშალოს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

კილიან მბაპეს მადრიდის რეალში ტრანსფერი დამუხრუჭებულია - ამის შესახებ გამოცემა El Pais წერს. გამოცემის ინფორმაციით, ფრანგ ფორვარდს მადრიდული გრანდის მიმართ ზედმეტად მაღალი, ფაქტობრივად არარეალური მოთხოვნები აქვს.

როგორც ირკვევა, რეალმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონს ამ ეტაპზე ბოლო წინადადებით მიმართა და პარი სენ-ჟერმენის სუპერვარსკვლავს 180 მილიონ ევროს, წელიწადში 40-მილიონიან ხელფასს და მისი სახის გამოყენებისთვის სარეკლამო შემოსავლების 50 პროცენტს სთავაზობს.

El Pais-ის ინფორმაციით, მბაპესთვის ესეც კი არ არის საკმარისი. 23 წლის ფორვარდი სარეკლამო შემოსავლების 100 პროცენტს ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად სპონსორებისგან მას წელიწადში 40 მილიონი ევრო აქვს.

რეალის არგუმენტი ის არის, რომ მბაპეს ტრანსფერის შემდეგ მისი ფასი გაიზრდება. ამასთან, რეალში სარეკლამო შემოსავლების 50 პროცენტზე მეტს არცერთი ფეხბურთელი არ იღებს.

მბაპეს პსჟ-სთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს უმთავრდება და მას სხვა კლუბში გადასვლა უფასოდ შეუძლია. სწორედ ამიტომ სთავაზობს რეალი 180 მილიონს საჩუქრად. მადრიდული გრანდი მბაპესთვის ბრძოლაში ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ ახლა გამორიცხული არ არის, რომ ტრანსფერი ჩაიშალოს.

ცოტა ხნის წინ Le Parisien წერდა, რომ მბაპე და პსჟ ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, მაგრამ კილიანის დედამ ეს ინფორმაცია უარყო და დაამატა, რომ კილიანისთვის პრიორიტეტი კვლავ რეალში გადასვლაა.

კომენტარები

ბოლო ამბები