Thumbnail

მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგაში საჩემპიონო ბროლაზე ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტის აზრით, მის გუნდს შესაძლოა დარჩენილ 3 ტურში 6 ქულაც ეყოს, რომ ჩემპიონი გახდეს. პეპმა ლივერპულზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მერსისაიდელები პრემიერლიგის მოგებას შეჩვეული არ არიან, თუმცა, ინგლისში ყველას სურს, რომ ჩემპიონი სწორედ იურგენ კლოპის გუნდი გახდეს.

"პრემიერლიგაში ლივერპულთან შესანიშნავი დუელი გველის. მათ ევროპულ დონეზე წარმოუდგენელი ისტორია გააჩნიათ, მაგრამ არა - პრემიერლიგაში, რომელიც 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ აქვთ მოგებული. ერთი კვირის წინ არავინ ფიქრობდა, რომ ჩემპიონები ჩვენ გავხდებოდით. ინგლისში ყველა ლივერპულს უჭერს მხარს: მედია, ფანები, ყველა დანარჩენი. ახლა 9 ქულა უნდა დავაგროვოთ, თუმცა, შეიძლება ჩემპიონობისთვის 6 ქულაც გვეყოს. ეს მომავალ მატჩებზე იქნება დამოკიდებული. ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია".

შეგახსენებთ, რომ მანჩესტერ სიტი პრემიერლიგას 86 ქულით ლიდერობს და ლივერპულს 3 ქულით უსწრებს. გუნდებს სეზონის ფინიშამდე 3-3 მატჩი დარჩათ ჩასატარებელი: სიტი ვულვერჰემპტონს, ვესტ ჰემსა და ასტონ ვილას შეხვდება, ხოლო ლივერპული - ასტონ ვილას, საუთჰემპტონსა და ვულვერჰემპტონს. აღსანიშნავია, რომ სეზონის ბოლომდე იურგენ კლოპის გუნდს გაცილებით დატვირთული კალენდარი აქვს, რადგან ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში ჩელსის, ჩემპიონთა ლიგის ფინალში კი რეალს უნდა შეხვდეს.

კომენტარები

ბოლო ამბები