Thumbnail
  • ხოსე ბორდალასმა გიორგი მამარდაშვილზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
  • ესპანელი მწვრთნელი ქართველი მეკარით ძალიან კმაყოფილია
  • ბორდალასმა თქვა, რომ გიორგი მეორე გუნდში სათამაშოდ არ გაუშვა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ვალენსია ლა ლიგის 36-ე ტურში, სამშაბათს სევილიის ბეტისს დაუპირისპირდება. მატჩის წინ ხოსე ბორდალასმა პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად, გიორგი მამარდაშვილზეც მოუწია კომენტარის გაკეთება.

ბორდალასს ჰკითხეს, რა გეგმები აქვს ვალენსიას მამარდაშვილთან დაკავშირებით და აპირებს თუ არა კლუბი მის შენარჩუნებას.

"გულწრფელად გითხრათ, არ ვიცი, კლუბი აპირებს თუ არა მის გაყიდვას. მე მისი სათამაშო დონით სრულიად კმაყოფილი ვარ. როგორც წესი, ტრაბახი არ მჩვევია, მაგრამ მოვახერხე ფეხბურთელების შეფასება. ამის გაკეთება ყველა ფეხბურთელთან შეუძლებელია, თუმცა გიორგი სწორედ მსგავსი შემთხვევაა. მითხრეს, რომ ის მეორე გუნდში გამეშვა იმ დროს, როცა აქ არ თამაშობდა, მაგრამ ამის წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ვხედავდი, რომ მზად იყო პირველი გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის საბრძოლველად და დრომ გამოაჩინა, რომ მართალი ვიყავი", - თქვა ესპანელმა სპეციალისტმა.

გიორგის საოცარი მოგერიება ინიაკი უილიამსის დარტყმის შემდეგ

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას გასულ ზაფხულს დინამო თბილისიდან იჯარით შეუერთდა და პრესეზონის დროს კარგი თამაშით თავის გამოჩენა მოახერხა. მან სეზონის სტარტზეც ზედიზედ 6 თამაში ჩაატარა, თუმცა შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და სექტემბრიდან თებერვლამდე უთამაშებელი იყო. მიუხედავად ამისა, გიორგიმ სასტარტოში ადგილი დაიბრუნა. მან ყველა ტურნირზე უკვე 20 თამაში ჩაატარა, 9-ჯერ კარი მშრალი შეინახა და მხოლოდ 19 გოლი გაუშვა. ვალენსიამ მამარდაშვილი 2021 წლის 31 დეკემბერს, გამოისყიდა და კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმა. გიორგი ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 3-ჯერ დაასახელა (მათ შორის ბოლო ორ ტურში ზედიზედ), ერთხელ კი ტურის საუკეთესო მეკარედაც დასახელდა.

ვალენსიასთვის სეზონი არცთუ ისე წარმატებულია. მამარდაშვილის გუნმდმა ესპანეთის თასის ფინალში ბეტისთან წააგო, ლა ლიგაში კი მხოლოდ მე-10 ადგილზეა და ევროსაგზურის მოპოვების შანსი დაკარგული აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები