Thumbnail
  • რალი სპრინტში საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
  • გოგა არჯევანიძე დაბრუნდა და Pro კლასში პირველი ადგილი დაიკავა
  • დათუნა არჯევანიძე AM 2000 კლასის გამარჯვებული გახდა

გასულ უიკენდზე რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე რალი სპრინტში საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო, რომელიც 3 კლასში 5 ეტაპად ჩატარდება. 

ახალი სეზონის მთავარი სიახლე ის არის, რომ აქტიურ ავტოსპორტს გოგა არჯევანიძე დაუბრუნდა. და არა მარტო დაუბრუნდა, არამედ, მიუხედავად ხანგრძლივი პაუზისა, გამოცდილმა მრბოლელმა პირველივე ეტაპზე შესანიშნავად ირბოლა და PRO კლასში პირველი ადგილი დაიკავა. 40 წლის მრბოლელმა დაახლოებით 2 წამით აჯობა მეორე ადგილზე გასულ სანდრო თავართქილაძეს, რომელიც კლასის ვიცე-ჩემპიონია. მესამე ადგილი კი მოქმედმა ჩემპიონმა დათა ქაჯაიამ დაიკავა.

გოგა არჯევანიძის ტრიუმფალური დაბრუნება განსაკუთრებული მოტივაცია და კარიერაში ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდა მისი შვილისთვის, დათუნა არჯევანიძისთვის, რომელსაც ‘პოპსპორტის’ მკითხველი კარგად იცნობს. ახალგაზრდა მრბოლელმა AM 2000 კლასის მოგება შეძლო და კარიერაში პირველად დაიკავა პირველი ადგილი. აღსანიშნავია, რომ უმცროსი არჯევანიძე აღნიშნული კლასის მოქმედი ვიცე-ჩემპიონია.

დათუნა არჯევანიძემ AM 2000 კლასში პირველი ადგილი დაიკავა

ცვალებადი ამინდის გამო რბოლები ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოვიდა. პირველი ორი გავლის შემდეგ დათუნა არჯევანიძე ჯარიმის გამო აგებდა, რომელიც ტექნიკური ხარვეზის გამო მიიღო, დრო კი საუკეთესო ჰქონდა. წააგო მესამე გავლაც, მეოთხე გავლის წინ კი ამინდი მკვეთრად გაუარესდა - ძლიერ წვიმაში არჯევანიძემ სამაგალითოდ იარა, კონკურენტებს 8 წამით (!) აჯობა და პირველი ადგილი დაიკავა. ჯამში მისმა უპირატესობამ 6 წამი შეადგინა.

“მიუხედავად იმისა, რომ ახალ მანქანაზე ჯერ კიდევ არ მომწონს ყველაფერი, პირველ ეტაპს, რა თქმა უნდა, მაინც დადებითად შევაფასებ. კარტინგის შემდეგ პირველი ადგილი არ დამიკავებია და ბედნიერი ვარ, რომ ეს დღეც დადგა. ძარიან ავტომობილებში ეს ჩემი პირველი გამარჯვებაა,” - გვითხრა დათუნა არჯევანიძემ რბოლის შემდეგ.

მამის დაბრუნება და მით უმეტეს გამარჯვება განსაკუთრებით უხარია: “მამაჩემის დაბრუნება, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ამბავი და ჩემთვის დიდი მოტივაციაა. 2019 წლის შემდეგ აღარ ურბოლია. კარგია, რომ დაბრუნდა, გამოჩნდა, რომ ფორმაშია და ზედა კლასში დიდი ბრძოლები იქნება. ასევე ძალიან კარგი რბოლა ჰქონდა სანდრო თავართქილაძესაც, მისი მეორე ადგილის მიზეზი სავარაუდოდ არასწორად შერჩეული საბურავია,” - აღნიშნა უმცროსმა არჯევანიძემ.

რალი სპრინტის შედეგები I ეტაპის შემდეგ

Pro კლასი
1. გოგა არჯევანიძე - 25 ქულა
2. სანდრო თავართქილაძე - 22 ქულა
3. დათა ქაჯაია - 20 ქულა

AM 2000 კლასი
1. დათუნა არჯევანიძე - 25 ქულა
2. მიხეილ თათარაშვილი - 22 ქულა
3. ირაკლი მაზიაშვილი - 20 ქულა

AM Overall კლასი
1. ლევან ხვედელიძე - 25 ქულა
2. გიორგი ჯოხაძე - 22 ქულა
3. ვატო წაწალაშვილი - 20 ქულა

კომენტარები

ბოლო ამბები