Thumbnail

ისევ იოკიჩი! ESPN-ის ინფორმაციით დენვერის ცენტრი სეზონის MVP გახდა

ტონიო კროგერი პროფილის ფოტო
ტონიო კროგერი
  • ESPN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სეზონში საუკეთესოდ სერბი დაასახელეს
  • იოკიჩიმა რეგულარული სეზონი საშუალოდ 27.1 ქულით, 13.8 მოხსნითა და 7.9 ასისტით დაასრულა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

როგორც ამერიკული გამოცემა ESPN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, NBA-ის 2021/22 წლების უძვირფასესის მოთამაშე დენვერ ნაგეთსის ცენტრი ნიკოლა იოკიჩი გახდა. აღსანიშნავია, რომ სერბი კალათბურთელი ლიგის MVP გასულ სეზონშიც იყო. ოფიციალურად ინფორმაცია მიმდინარე კვირაში დადასტურდება. 

წელს იოკიჩს შარშანდელზე უკეთესი სტატისტიკა ჰქონდა. ნიკოლამ ქულებსა და მოხსნებში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა - საშუალოდ 27.1 ქულა და 13.8 მოხსნა. ამასთანავე, დენვერის ცენტრი თითოეულ მატჩში, საშუალოდ, 7.9 შედეგიან პასს აკეთებდა, რაც ლიგაში მერვე მაჩვენებელია. იოკიჩი NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც სეზონში 2000+ ქულა, 1000+ მოხსნა და 500+ ასისტი დააგროვა. 

მნიშვნელოვანი ის არის, რომ ნიკოლას ეს მაჩვენებლები ძლიერი თანაგუნდელების გარეშე ჰქონდა. ჯამალ მიურეიმ მთელი სეზონი ტრავმის გამო გამოტოვა, მაიკლ პორტერმა კი იმავე მიზეზით სულ 9 მატჩი ჩაატარა. ამის მიუხედავად, დენვერმა პლეი ოფში გასვლა მეხუთე ადგილით მაინც მოახერხა. 

იოკიჩი NBA-ს ისტორიაში მე-14 მოთამაშე გახდა, რომელმაც ლიგის უძვირფასესი მოთამაშის სტატუსი ერთზე მეტჯერ მიიღო. იოკიჩამდე სეზონის MVP ზედიზედ ორჯერ იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ. მილუოკის ფორვარდი ფინალისტთა შორის ჯოელ ემბიდთან ერთად წელსაც მოხვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები