Thumbnail

30 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიის დედაქალაქ რომში დაწყებული 1000-იანი მასტერსის (საპრიზო ფონდი 6 008 725 ევრო) მე-2 წრეში გავიდა.

საქართველოს პირველი ჩოგანი სასტარტო შეხვედრაში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელ დანიელ ევანსს შეხვდა და საათსა და 46 წუთში 7:6 (7:2), 6:2 სძლია.

აღსანიშნავია, რომ პირველ სეტში ნიკოლოზი ბრეიკით 2-ჯერ ჩამორჩა და 2:5-საც აგებდა, თუმცა, მეტოქის დაწევა მოახერხა, ტაი-ბრეიკზე კი ზედიზედ 5 გათამაშება მოიგო და საქმის ბოლომდე მიყვანა არ გასჭირვებია.

ბასილაშვილისა და ევანსის მატჩი ნიკოლა პიეტრანჯელის სახელობის კორტზე გაიმართა

მე-2 სეტი უკვე ქართველი ჩოგბურთელის უპირატესობით დაიწყო. ბასილაშვილმა ევანსის პირველივე მოწოდება აიღო, სეტის ბოლოსკენ კიდევ ერთი ბრეიკი განახორციელა და საერთო ჯამში, დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა.

საბოლოოდ, ბასილაშვილს 2 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა მოუგროვდა (მეტოქეს შესაბამისად 7 და 1 ჰქონდა) და 11-დან 4 ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, თავად კი მოწოდება 2-ჯერ წააგო.

ამგვარად, ნიკამ ბრიტანელთან რევანშის აღება მოახერხა 2019 წლის უიმბლდონზე უშანსო მარცხისთვის. მაშინ ევანსმა ბასილაშვილს  6:3, 6:2, 7:6 (7:2) სძლია.

თუ ვინ იქნება ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე მომდევნო წრეში, ამ წუთებში ირკვევა კანადელი დენის შაპოვალოვისა და იტალიელი ლორენცო სონეგოს მატჩში.

კომენტარები

ბოლო ამბები