Thumbnail
  • საქართველოს ეროვნული ნაკრები ათენში საბერძნეთსა და სლოვენიას გაეჯიბრება
  • ილიას ზუროსის გუნდი ამ ტურნირზე 2017 წელსაც იყო და სენსაციურად მოიგო
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები წლეულს, დიდი ალბათობით, პრესტიჟულ აკროპოლისის თასზე ითამაშებს, რომელსაც ტრადიციულად საბერძნეთის დედაქალაქი ათენი უმასპინძლებს.

როგორც წესი, აღნიშნული ტურნირი აგვისტოში იმართება და ცხადია, წლევანდელი ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ჩინებული შესაძლებლობა იქნება. ბერძნული წყაროების ცნობით, ამჯერად ათენში საქართველოს გარდა, ლუკა დონჩიჩის სლოვენია და სავარაუდოდ, ჩეხეთის ან პოლონეთის ნაკრებებიც ჩავლენ.

საბერძნეთის ნაკრებში იმედი აქვთ, რომ მომავალ მატჩებში უმთავრეს ვარსკვლავ იანის ანტეტოკუნმპოსაც დაიხმარენ და მასთან ერთად დაუპირისპირდებიან ესპანეთის ნაკრებსაც, რომელთან ამხანაგური შეხვედრები ასევე იგეგმება.

თორნიკე შენგელია საბერძნეთთან მოგებულ მატჩში

ცხადია, აკროპოლისის თასის გარდა, კიდევ არაერთ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს საქართველოს ეროვნული გუნდიც, რომელიც მოახლოებული ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელია და შეჯიბრისთვის კარგად მომზადება მართებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველ კალათბურთელებს ათენურ ტურნირთან სასიამოვნო მოგონება აკავშირებთ. ილიას ზუროსის გუნდმა აკროპოლისის თასზე 2017 წელსაც ითამაშა და ბევრისთვის მოულოდნელად გამარჯვებულიც გახდა. მაშინ საქართველოს ნაკრებმა მასპინძელ საბერძნეთს 72:71 სძლია, შემდეგ უძლიერეს სერბეთსაც აჯობა (68:66) და მართალია, დასკვნითი თამაში იტალიასთან 65:73 წააგო, პირველი ადგილი მაინც არავის დაუთმო.

ამ წარმატებული ტურნირის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდი ევრობასკეტი 2017-ზე ჩავიდა და სასტარტო შეხვედრაში ლიეტუვაც დაამარცხა (79:77), თუმცა, საბოლოო ჯამში, ჯგუფიდან გასვლა მაინც ვერ მოახერხა.

ილიას ზუროსი აკროპოლისის თასთან ერთად

შეგახსენებთ, რომ მომავალი ევროპის ჩემპიონატი 1-18 სექტემბერსაა დაგეგმილი და თბილისის გარდა, მასპინძელი ქალაქები პრაღა (ჩეხეთი), კიოლნი, ბერლინი (ორივე – გერმანია) და მილანიც (იტალია) არიან. საქართველოს ნაკრებს მეტოქეებად ესპანეთი, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი ერგო, რუსეთის საკითხი კი მოგვიანებით გაირკვევა. 

ტურნირის რეგლამენტის თანახმად, 4 ექვსგუნდიანი ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მე-5 ევრობასკეტზე (2011, 2013, 2015, 2017, 2022) ითამაშებს, საუკეთესო შედეგი კი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, როდესაც პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და საბოლოოდ, მე-11 ადგილზე გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები