Thumbnail

ჩრდილოეთი V სამხრეთი 2026 წლიდან, პლეი ოფით - ყველაფერი დუბლინში გადაწყდება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი

The Thelegraph-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, სამშაბათს, 10 მაისს დუბლინში რაგბის მამების უმნიშვნელოვანესი შეკრება იწყება, მათ უნდა განიხილონ სარაგბო ერთიანი კალენდარი სამომავლოდ და გადაწყვიტონ, რა ბედი ელის შემოთავაზებულ ტურნირს, რომელსაც ერთა ჩემპიონატი (ჩრდილოეთი VS სამხრეთი) ერქმევა.

ბრიტანული გამოცემა ამტკიცებს, რომ მსოფლიო რაგბის შეფები უკვე გააფრთხილეს, რომ როგორმე მოაწესრიგონ (შემოიღონ) ერთიანი კალენდარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სპორტის ეს სახეობა ფინანსურად ძალიან ბევრს დაკარგავს. 

იტალიელები არც ახალ ტურნირში უჭერენ მხარს პლეი ოფის შემოღებას

შემოთავაზებული ტურნირი 2026 წლიდან გაიმართება, ორ წელიწადში ერთხელ. დუბლინში ექვსი ერის და სანზაარის წარმომადგენლები შეიკრიბებიან. მათ უნდა განიხილონ სამუშაო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი ტურნირი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში მსოფლიო რაგბიში 1995 წლის მერე (მაშინ რაგბი პროფესიული გახდა) ყველაზე დიდი ცვლილება განხორციელდება. 

სამი წლის წინათ, თითქმის ანალოგიური წინადადება ჩააგდეს, თუმცა ახლა იდეას მხარს უჭერს მორაგბეების საერთაშორისო კომიტეტი (IRP) კონრად სმითის მეთაურობით. მე-2 დონის ქვეყნებსაც წინასწარ აქვთ განცხადებული, რომ ახალ ტურნირს მხარს დაუჭერენ. 

ჯერჯერობით, ყველაზე საკამათო პუნქტები მოგების გადანაწილებას და, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ტურნირში გავარდნა/აღზევების სისტემას ეხება, თუმცა ოლ ბლექსის ყოფილი ცენტრი აცხადებს, რომ, იდეა უნდა შესრულდეს - ან ახლა, ან არასდროს! წინააღმდეგ შემთხვევაში, რაგბის მომავალი მთლიანად კერძო საინვესტიციო ჯგუფებს გადაეცემა, რომლებიც უკვე იძენენ ცალკეულ ტურნირებს. 

"ლაპარაკი უკვე 20 წელიწადია მიმდინარეობს, ახლა მეტი გვსურს, ვიდრე ცარიელი სიტყვებია. უნდა მივიღოთ, გარკვეული სახის ვალდებულება და მერე, თუ საჭირო იქნა, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები", - აცხადებს სმითი - "თუ ეს სქემა არ იმუშავებს ახლა, ყველაფერი სამუდამოდ შეიცვლება და მოგების დიდი ნაწილი გადავა კერძო კომპანიების ხელში და არა, რაგბის კავშირების. 

გეგმის მიხედვით, ერთა ჩემპიონატში 12 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას - 6 ერის ქვეყნები ითამაშებენ ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის, ავსტრალიის, არგენტინის, ფიჯის და იაპონიის წინააღმდეგ. ივლისში ევროპული ქვეყნები 3-3 მატჩს გამართავენ სამხრეთში. იმისთვის, რომ ხარჯები შემცირდეს, ისინი მხოლოდ 2 ქვეყანაში ითამაშებენ. ნოემბერში კი ისინი 3-3 მატჩს უკვე შინ გამართავენ სამხრეთელთა წინააღმდეგ. ბოლოს გაიმართება, დიდი ფინალი, რომელშიც საუკეთესო ჩრდილოელი სამხრეთელს შეხვდება. 

მაგალითისთვის, ცხადი რომ გახდეს, ინგლისი ივლისში თამაშობს ახალ ზელანდიაში, შემდეგ გადადის ავსტრალიაში, სადაც მასპინძლების გარდა ეთამაშება ფიჯის. ნოემბერში ინგლისი მასპინძლობს სამხრეთ აფრიკას, არგენტინასა და იაპონიას. 

ტურნირი მხოლოდ იმ წლებში გაიმართება, როცა არ არის მსოფლიოს თასი და ლომების ტურნე. ეს შედეგები არ ჩაითვლება ექვსი ერის ან რაგბი ჩემპიონშიპის ტურნირებზე და არც ამ ტურნირებში ნაკრებთა მონაწილეობის საკითხზე იმოქმედებს (რაც იტალიას ძალიან აღელვებს). 

ელიტის გარდა იქნება პირველი დივიზიონიც, სადაც მე-2 დონის ქვეყნები (მათ შორის საქართველო) იმავე პრინციპით ითამაშებენ. გუნდები გაყოფილები იქნებიან ევროპულ და წყნარი ოკეანის ზონებად. მიმდინარე გეგმით ნაგულისხმევია, რომ გამარჯვებული მიიღებს პლეი ოფში თამაშის უფლებას, რადგან მომავალ ტურნირზე ელიტაში გადავიდეს (ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც). "გარდიანის" ინფორმაციით, ქვედა დივიზიონი შესაძლოა, ორი წლით ადრე, 2024-ში დაიწყოს.

აღსანიშნავია, რომ როდესაც პირველად აღნიშნულ ტურნირზე ინფორმაცია გახმაურდა (მარტში) მაშინ არ იყო დაზუსტებული, რომ ელიტაში 6 ერის მონაწილეები მიიღებენ მონაწილეობას. ექვსეულები კი რეიტინგის მიხედვით უნდა დაკომპლექტებულიყო, თუმცა "ტელეგრაფის" ვერსიაში ასე აღარაა. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის "ბორჯღალოსნები" რეიტინგში უსწრებენ იტალიის ნაკრებს, რომელსაც 10 ივლისს ბათუმში ტესტმატჩში უმასპინძლებენ. 

კიდევ ერთი ცვლილება, ახლა დაზუსტებულია პირველი ტურნირის ჩატარების დრო - 2026 წელი. სამწუხაროდ, აქამდე ვარაუდობდნენ, რომ ახალი ტურნირი მსოფლიოს თასის შემდეგ, 2024 წლიდან დაიწყებოდა. მოკლედ, ტურნირის ორგანიზატორებს უკვე რაღაც-რაღაცების დათმობა მოუწიათ, თუმცა მთავარია, ტურნირი პლეი ოფის უფლებით დამტკიცდეს, რაც, როგორც ჩანს, მთავარი განსახილველი საკითხი იქნება, ფინანსური სარგებელის გადანაწილებასთან ერთად. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მსოფლიო რაგბიმ მოამზადა ერთიანი კალენდრის პროექტი და დააწესა ახალი ტურნირი რაგბის ერთა ლიგა, რომელიც იმის გამო დაიბლოკა, რომ 6 ერის ტურნირზე და სამხრეთულ რაგბის ჩემპიონშიპზე აღზევება/გავარდნის სისტემის შემოღებას გულისხმობდა. მას მერე, რაც მსოფლიო რაგბის პრეზიდენტის არჩევნებში ბილ ბომონტმა აუგუსტინ პიშოს აჯობა, ბომონტმა განაცხადა, რომ 6 ერს ცვლილებები არ შეეხებოდა.  

კომენტარები

ბოლო ამბები