Thumbnail
  • მილუოკი ბაქსი 108:116 ბოსტონ სელტიკსი
  • სელტიკსმა ბოლო მეოთხედი საოცრად ჩაატარა
  • ვეტერან ალ ჰორფორდს პლეი ოფში საუკეთესო თამაში ჰქონდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

დრამატული ბოლო ფაზა ბოსტონის Happy End-ით - მოქმედი ჩემპიონები ადვილად ვერაფერს მიიღებენ! 

სელტიკსმა NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერიის მეოთხე მატჩში მილუოკი ბაქსი 116:108 დაამარცხა და ანგარიში გაათანაბრა - 2:2. სტუმრები აგებდნენ და თამაში ბოლო მეოთხედში შეატრიალეს.

უფრო კონკრეტულად: 36 წუთის შემდეგ ბოსტონი 7 ქულით აგებდა, როცა ალ ჰორფორდის და ჯეისონ ტეიტუმის დრო დადგა. ჰორფორდმა საბოლოოდ 30 ქულა დააგროვა (11/14, 5/7 სამქულიანი) და 8 მოხსნაც ჰქონდა. ტეიტუმიც 30 ქულამდე ავიდა (11/24, 3/10 სამქულიანი), პლუს 13 მოხსნა (ორმაგი დუბლი) და 5 ასისტიც ჰქონდა. ბოსტონმა ბოლო მეოთხედში 43 ქულა ჩააგდო და აქედან 28 სწორედ ამ დუეტის ანგარიშზეა. 

ჯეილენ ბრაუნმა 18 ქულა ჩააგდო (5/11), თუმცა ჯარიმების გამო პრობლემები ჰქონდა. მარკუს სმარტმაც 18 ქულა დააგროვა (8/13) და 8 ასისტიც დაუმატა.

მილუოკის კი იანის ანტეტოკუნმპოს კიდევ ერთი მაგარი თამაში (34 ქულა, 14/32, 18 მოხსნა, 5 პასი) არ ეყო. ბერძენს ბოლო მეოთხედში დაღლა დაეტყო, რის გამოც საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე კიდევ ერთხელ დაასვენეს. ჯრუ ჰოლიდეი (16 ქულა, 5/22, 9 ასისტი) დაცვაში მოწოდების სიმაღლეზე იდგა, შეტევაში კი ბევრი ვერაფერი გააწყო. 10-ქულიან ზღვარს გადასცდნენ ბრუკ ლოპესი (17), უესლი მეთიუზი (12 ქულა, 3/4 სამქულიანი) და პეტ კონოტონიც (11 ქულა, 3/6 სამქულიანი).

პირველი ტაიმის შემდეგ მილუოკი იგებდა - მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონები თამაშიდან მხოლოდ 35-პროცენტიანი სიზუსტით ისროდნენ (ბოსტონი: 40 %), ერთით ნაკლები სამიანი და ორით ნაკლები საჯარიმო ჩააგდეს. განსხვავება ის იყო, რომ 24 წუთის შემდეგ მილუოკის 51 ტყორცნა ჰქონდა. 

ალ ჰორფორდი გამოცდილი ვეტერანია, მაგრამ პლეი ოფში 30 ქულა აქამდე არასდროს ჩაუგდია. მან ეს 132-ე მცდელობისას შეძლო! ასე დიდხანს ამის ლოდინი მანამდე არავის მოუწია. წინა რეკორდი 90 მატჩს მოიცავდა და კლიფორდ რობინსონს ეკუთვნოდა. 35 წლის ჰორფორდი ამასთან ყველაზე ასაკოვანი 30-ქულიანი მოთამაშეა ბოსტონში - ლეგენდარული ჯონ ჰავლიჩეკის (1977) შემდეგ.

მილუოკის დაცვა ამ პოსტსეზონში საუკეთესოა, მაგრამ მეოთხე პერიოდში ბაქსის ნაქები დაცვისგან ბევრი არაფერი დარჩა. თუმცა აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ფაზაში ბოსტონს ყველაფერი გამოსდიოდა - 43 ქულა ბოლო მეოთხედში და 84-პროცენტიანი სიზუსტე ყველაფერზე მეტყველებს. ფაქტია: ბოსტონს ამ სერიაში ამაზე უკეთესი კი არა, ასეთთან მიახლოებული მეოთხედიც კი მანამდე არ ჰქონია. 

ამ სერიაში ბოსტონის საუკეთესო მოთამაშე უდავოდ ალ ჰორფორდია. 35 წლის ვეტერანმა 30 ქულით პოსტსეზონში პირადი რეკორდი ხომ გააუმჯობესა (მანამდე 26 ჰქონდა) და ზოგადადაც თამაშზე დიდი გავლენა ჰქონდა. მართალია, იანისი ვერ შეაჩერა, მაგრამ აქა-იქ მის წინააღმდეგ კარგად ილაშქრებდა. 

“მას და მის თამაშს დიდ პატივს ვცემ. დღეს ის მთელი მატჩის განმავლობაში განსაკუთრებული იყო,” - თქვა თამაშის შემდეგ ჰორფორდზე მილუოკის მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბუდენჰოლცერმა.

ერთი სიტყვით, 2:2 და ამ სერიაში ყველაფერი თავიდან იწყება. მომდევნო მატჩი 12 მაისს ბოსტონში გაიმართება.

კომენტარები

ბოლო ამბები