Thumbnail

უკრაინის ნაკრების ახალი მაისურა - ზედ საქართველოს დროშაცაა გამოსახული

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • უკრაინის ნაკრები მუნდიალის პლეი ოფის წინ საკონტროლო შეხვედრებს ჩაატარებს
  • უკრაინელები საქველმოქმედო მატჩებში სპეციალური სათამაშო ფორმით გამოვლენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

უკრაინის ნაკრებმა სათამაშო ფორმის კომპლექტი წარმოადგინა, რომლითაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი პლეი ოფის წინ დაგეგმილ ამხანაგურ მატჩებში ითამაშებს. მაისურაზე წინა მხრიდან უკრაინის საზღვრებია გამოსახული და ის იმ ქვეყნების დროშებითაა გაფორმებული, რომლებიც რუსეთის აგრესიის პერიოდში ქვეყანას აქტიურად მხარში უდგას. უკრაინელთა მასიურაზე გამოსახულია საქართველოს დროშაც.

ამასთან, მაისურის შუა ნაწილში გაკეთებულია წარწერა - "UNITED FOR UKRAINE" (ერთად უკრაინისთვის).

"უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია და ეროვნული ნაკრები მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივას - U24-ს, სახსრების მოძიების პლატფორმას, რომელიც უკრაინის აღდგენისთვის მთელ ცივილიზებულ სამყაროს აერთიანებს! ამ მხარდაჭერის ფარგლებში, უკრაინის მთავარი გუნდი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი ოფისთვის მოსამზადებელ საკონტროლო მატჩებში განსაკუთრებული მაისურებით გამოვა, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით დამზადდება! ამ მატჩებიდან და ასევე მაისურების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი United24-ის პროგრამას მოხმარდება.

მეორე ელემენტი მოთამაშეთა ნომრებია, რომლებიც უკრაინის დასახლებული პუნქტების სახელწოდებებით არის წარმოდგენილი. იმ დასახლებული პუნქტების, სადაც ნამდვილი გმირები ცხოვრებენ - ბავშვებით დაწყებული, ხანდაზმული ადამიანებით დამთავრებული, რომლებიც იცავდნენ და იცავენ თავიანთ მიწა-წყალს და რომლებიც უკვე გაიცნო მთელმა მსოფლიომ", - განაცხადა პრეზენტაციაზე უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ.

უკრაინის ეროვნული გუნდი ახალი ფორმით პირველად 11 მაისს ითამაშებს. ამ დღეს ოლეკსანდრ პეტრაკოვის გუნდი სპარინგს მიონხენგლადბახის ბორუსიასთან ჩაატარებს.

რაც შეეხება 2022 წლის მუნდიალის შესარჩევ პლეი ოფს, 1 ივნისს უკრაინის ეროვნული გუნდი 1/2-ფინალში შოტლანდიას გლაზგოში დაუპირისპირდება, აქ გამარჯვებული კი კატარის საგზურისთვის ფინალურ შეხვედრაში, 5 ივნისს, კარდიფში უელსს ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები