Thumbnail

PREVIEW | იტალიის დერბი ფინალში - იუვენტუსს სეზონის გადარჩენის შანსი აქვს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 11 მაისი | 🏟 რომი, ოლიმპიკო | ⌚ 23:00 | ⚽ იუვენტუსი V ინტერი
  • იუვენტუსს ინტერთან რევანშის და სეზონის გადარჩენის შანსი აქვს
  • ინტერი დუბლს უმიზნებს და ფინალში ფავორიტია
  • ყველაფერი, რაც იტალიის თასის ფინალის წინ უნდა იცოდეთ

იუვენტუსისთვის 2021/22 წლების სეზონი ძალიან წარუმატებელი გამოდგა. ამაზე ყველა თანხმდება, მაგრამ მაინც: იტალიის თასის ფინალი ბოლო შანსია, რომ ტურინულმა გრანდმა სეზონი ოდნავ ამაღლებულ განწყობაზე მაინც დაასრულოს.

მეორე მხარეს არის ინტერი, რომელიც ფინალში ფავორიტია და რომელსაც სეზონის დუბლით დასრულების შანსი აქვს, მაგრამ ამასთანავე, იმის შანსიც არის, რომ საერთოდ ვერცერთი ტიტული მოიგოს. მოკლედ, იტალიის თასის ფინალში დიდი მატჩია - იუვენტუსი V ინტერი.

ამ გუნდების დაპირისპირება იტალიურ და ზოგადად, ევროპულ ფეხბურთში რას წარმოადგენს, ამაზე ბევრი საუბარი არც ღირს. 1965 წლის შემდეგ იუვე და ინტერი იტალიის თასის ფინალში პირველად ხვდებიან.

იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგას 1/8-ფინალში გამოეთიშა, სერია A-ში მხოლოდ მე-4 ადგილზეა (თან ისე, რომ ალეგრის გუნდს შარშანდელ, პირლოს გუნდზე მეტი ქულის დაგროვების შანსიც აღარ აქვს). ასე რომ, იტალიის თასის მოგება ერთადერთი ნუგეშია. ზოგადად, იუვეს ეს ტიტული 14-ჯერ აქვს მოგებული და მათ შორის, 5-ჯერ ბოლო 7 წელიწადში. აღსანიშნავია, რომ იუვეს 2010/11 წლების სეზონის შემდეგ უტიტულოდ არცერთი სეზონი არ დაუმთავრებია და თუ ახლა ფინალს წააგებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ დაბრუნებულ ალეგრის ფატალური სეზონი გამოუვიდა.

ყველაფერთან ერთად, იუვენტუსს ინტერთან რევანშის სურვილი უნდა ჰქონდეს. ეს გუნდები ამ სეზონში უკვე მეოთხედ ხვდებიან და წინა სამი მატჩი ტურინელებმა ვერ მოიგეს. ჯერ სერია A-ს პირველ წრეში იუვე ბოლო წუთზე მარცხს პაულო დიბალამ გადაარჩინა, მერე იანვარში, იტალიის სუპერთასზე ალექსის სანჩესის 120-ე წუთზე გატანილი გოლით ინტერმა მოიგო და ტიტული მოიპოვა, ხოლო ზუსტად ერთი თვის წინ ტურინში ჰაქან ჩალჰანოღლუმ ინტერს მოაგებინა.

სანჩესის ამ გოლით ინტერმა იუვეს ერთი სატიტულე მატჩი 4 თვის წინ მოუგო

ინტერი იტალიის თასის გარდა სერია A-ში ზედიზედ მე-2 'სკუდეტოსთვის' იბრძვის, ოღონდ საქმეს ის ურთულებს, რომ საკუთარ თავზე არაა დამოკიდებული. ინტერმა ბოლო ორი მატჩი რომც მოიგოს, მილანი თუ მინიმუმ 4 ქულა დააგროვებს, 'სკუდეტო' ბინას შავ-წითელთა ბანაკში დაიდებს. აქედან გამომდინარეა, რომ სიმონე ინძაგის ფინალის წინ შემადგენლობაში როტაციის საშუალება არ ჰქონია. "ნერაძურიმ" ბოლო შეხვედრა ემპოლისთან ჩაატარა და ნახევარი საათის თავზე 0:2 მარცხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ 4:2 მოიგო.

თუ ინტერმა 'დააქამბექა', იუვენტუსს 'დაუქამბექეს'. ალეგრის გუნდი ჯენოასთან 87-ე წუთზე იგებდა და საბოლოოდ 1:2 წააგო. იუვესთვის ეს თამაში პრაქტიკულად არაფერს წყვეტდა და მაქსმა შემადგენლობაში როტაციაც მოახდინა. ტურინულ გრანდს მანუელ ლოკატელი, მატეის დე ლიხტი და ლუკა პელეგრინი გამოუჯანმრთელდნენ, მაგრამ ძირითადში მხოლოდ ნიდერლანდელი მცველი იქნება. ინტერში ალესანდრო ბასტონის თამაში იყო საეჭვო, თუმცა ბოლო ცნობებით ის თამაშს მოახერხებს. იუვენტუსი იტალიის თასის მოქმედი მფლობელია, გასულ სეზონში ატალანტას დეიან კულუშევსკისა და ფედერიკო კიეზას გოლებით 2:1 მოუგო, ხოლო ინტერმა თასი ბოლოს 2011 წელს მოიგო, როდესაც ფინალში პალერმო დაამარცხა.

იუვეს ბოლო ათწლეულში ყველაზე ცუდი სეზონი ჰქონდა

საინტერესო ფაქტები

⚽ ეს იქნება იუვენტუსისა და ინტერის მე-3 დაპირისპირება იტალიის თასის ფინალში. წინა ორივე მატჩი ტურინელებმა მოიგეს (4:1, 1959 წელს და 1:0 1965 წელს).

⚽ იუვენტუსი და ინტერი იტალიის თასზე ყველაზე მეტჯერ შეხვედრიან - 33-ჯერ. "ბიანკონერიმ" 15 თამაში მოიგო, 10 "ნერაძურიმ" და 8-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

⚽ ინტერმა იუვენტუსთან ბოლო 2 ოფიციალური მატჩი მოიგო და ეს იგივე შედეგია, რაც მანამდე 13 მატჩში ჰქონდა (4 ფრე, 7 წაგება). 1929/30 წლების სეზონიდან მოყოლებული მილანელებს ტურინელები ერთ სეზონში ზედიზედ 3-ჯერ არასდროს დაუმარცხებიათ. ზოგადად, მხოლოდ ფიორენტინამ (1940/41) და ლაციომ 1942/43 წლებში მოახერხეს პიემონტელების ზედიზედ 3-ჯერ დამარცხება ერთ სეზონში.

⚽ იუვენტუსი იტალიის თასის ფინალში ყველაზე მეტჯერ გავიდა (21) და ასევე ყველაზე მეტჯერ მოიგო ეს ტიტული (14). ბოლო 8 სეზონში იუვე კოპა იტალიას ფინალში 7-ჯერ გავიდა (ერთადერთი გამონაკლისი იყო 2018/19 წლების სეზონი) და ამ 7 ფინალიდან 5 მოიგო.

⚽ იუვენტუსს შეუძლია გახდეს ტოპ ხუთი ჩემპიონატიდან მე-5 გუნდი, რომელიც ქვეყნის თასს მინიმუმ 15-ჯერ მოიგებს. უკეთესი შედეგი მხოლოდ ბარსელონას (31), ბილბაოს (23), ბაიერნს (20) და რეალს (19) აქვთ.

⚽ ეს იქნება იტალიის თასის მე-2 ფინალი, რომელიც 11 მაისს გაიმართება. პირველი იყო 2006 წელს, როდესაც ინტერმა რომას 3:1 აჯობა.

⚽ ინტერმა იტალიის თასის ბოლო 5 მატჩიდან ოთხში კარი მშრალად შეინახა, მათ შორის ბოლო სამში. ერთადერთი შემთხვევა, როცა თასზე მილანურ გრანდს უკეთესი შედეგი ჰქონდა ამ კუთხით, 2006 წლის ნოემბრიდან 2007 წლის თებერვლით თარიღდება (6).

⚽ მასიმილიანო ალეგრის შეუძლია გახდეს პირველი მწვრთნელი, რომელიც იტალიის თასს 5-ჯერ მოიგებს. ამ მომენტისთვის მის აქტივში 4 ტიტულია, იგივე შედეგი აქვთ სვენ-გორან ერიქსონსა და რობერტო მანჩინის.

⚽ სიმონე ინძაგი შეიძლება გახდეს პირველი მწვრთნელი რობერტო მანჩინის შემდეგ, რომელსაც იტალიის თასი მოგებული ექნება, როგორც ლაციოს, ისე ინტერის მწვრთნელის რანგში.

⚽ იუვენტუსი შეიძლება იყოს პირველი გუნდი, რომლის წინააღმდეგ სიმონე ინძაგი მწვრთნელის რანგში მეათედ დამარცხდება. თუმცა, 2016 წლის აპრილის მერე, როცა მას ლაციოში დებიუტი ჰქონდა, იუვე 6-ჯერ დაამარცხა ყველა ტურნირზე, რაც ორჯერ უკეთესი შედეგია, ვიდრე ამ პერიოდში სხვა მწვრთნელებმა აჩვენეს.

⚽ იუვენტუსმა 2000 წლის შემდეგ იტალიის თასის ფინალში 14 გოლი გაიტანა (არ შედის ავტოგოლები) და ეს 14 გოლი 13 სხვადასხვა ფეხბურთელის აქტივშია. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც ამ პერიოდში ფინალში 2 გოლი გაიტანა ტურინელთა მხრიდან, მაროკოელი ცენტრალური მცველი მედჰი ბენატიაა (2018 წელს მილანთან დუბლი).

⚽ იტალიის თასის ფინალში ინტერის ბოლო 13 გოლიდან 9 არგენტინელი ფეხბურთელების ანგარიშზეა - ერთი კამბიასოს, ორი მილიტოს და სამ-სამი კრესპოსა და კრუზის.

⚽ ბოლო ათწლეულში იუვენტუსის რიგებში ყველაზე მეტი გოლი იტალიის თასზე პაულო დიბალამ გაიტანა (11 გოლი 23 თამაშში).

⚽ ლაუტარო მარტინესს ბოლო 11 შეხვედრაში 11 გოლი აქვს გატანილი ყველა ტურნირზე.

⚽ იუვენტუსისა და ინტერის ბოლო 5 დაპირისპირებაში 2-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 3-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ინტერის ბოლო 5 მატჩში 5-ჯერვე 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ იუვენტუსის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 4-ჯერ კი ორივე გუნდმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ტურინელთა ბოლო 3 თამაში ერთნაირი ანგარიში დასრულდა (2:1).

სავარაუდო შემადგენლობები

იუვენტუსი (4-2-3-1): პერინი - დანილო, დე ლიხტი, კიელინი, ალექს სანდრო - ზაკარია, რაბიო - კუადრადო, დიბალა, მორატა - ვლაჰოვიჩი.
ტრავმა ან დისკვალიფიკაცია: მაკკენი, დე შილიო.

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - შკრინიარი, დე ვრაი, ბასტონი - დუმფრისი, ბარელა, ბროზოვიჩი, ჩალჰანოღლუ, პერიშიჩი - ლაუტარო, ჯეკო.

კომენტარები

ბოლო ამბები