Thumbnail

რიო ფერდინანდი: დღევანდელი მანჩესტერი გონებაშეზღუდულთა კრებულს ჰგავს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 'მე რომ იქ ვიყო, გასახდელს უბრალოდ დავანგრევდი'
  • იუნაიტედის ყოფილი მცველი გუნდის ამჟამინდელი მდგომარეობით აღშფოთებულია
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ინგლისური მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა მკაცრად გააკრიტიკა გუნდის ფეხბურთელები მას შემდეგ, რაც “წითელმა ეშმაკებმა” სამარცხვინო მარცხი განიცადეს. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის გასულ ტურში მანჩესტერელები ბრაიტონთან გასვლით მატჩში 0:4 განადგურდნენ, თანაც ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ სტუმართაგან თამაშის ხალისი არავის ჰქონდა.

რიო ფერდინანდი: “ერთმანეთს კითხვებს უნდა უსვამდეთ. ეშმაკმა დალახვროს, ბოლო-ბოლო, ეს სიტუაცია ვინმეს ანაღვლებს? მე რომ იქ ვიყო და ვგრძნობდე, რომ ვინმეს არსებული სიტუაცია ნაკლებად ანაღვლებს, გასახდელს უბრალოდ დავანგრევდი. საერთოდ ნუ მოხვალთ სათამაშოდ, ბუცებსაც კი ნუ შეიკრავთ. ჩვენ დროს მანჩესტერის სამზარეულოში სულ სხვა ამბები იყო, ახლანდელი გასახდელი კი სხვაგვარია. ისეთი გარემოა შექმნილი, თითქოს გონებაშეზღუდულები იყვნენ შეკრებილნი. გუნდის შედეგები ყველაფერზე მეტყველებს. აშკარაა, რომ იუნაიტედს ახალი ფეხბურთელები სჭირდება, თუმცა, ისიც უნდა იყოს, ვინც მათ მართვას შესძლებს”.

ცნობისთვის, მანჩესტერს მიმდინარე სეზონში ერთადერთი მატჩი დარჩა ჩასატარებელი (22 მაისს, კრისტალ პალასთან) და ვინაიდან 58 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება, უკვე ცხადია, რომ მომავალ სეზონშიც ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩება. გუნდს ამჟამად გერმანელი რალფ რანგნიკი წვრთნის, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ მომავალი სეზონიდან იუნაიტედს ნიდერლანდელი ერიკ ტენ ჰაგი ჩაიბარებს.

რაც შეეხება 43 წლის ფერდინანდს, ის მანჩესტერელთა ღირსებას 2002-2014 წლებში იცავდა და პრემიერლიგაში 312 მატჩი ჩაატარა, ამასთან 7 გოლის გატანაც შესძლო. რიოს ინგლისის ნაკრების მაისურით 81 შეხვედრა აქვს გამართული (3 გოლი).

კომენტარები

ბოლო ამბები