Thumbnail

ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში დღეს დაიწყო და კვირის ბოლომდე გაგრძელდება მსოფლიო რაგბის შეფების, ექვსი ერისა და სანზაარის წარმომადგენელთა შეხვედრა, მსოფლიო რაგბის ერთიანი კალენდრის შემოშავებასთან დაკავშირებით. ამ შეხვედრაზე წყდება მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებული ახალი ტურნირის ბედი, რომლის დამტკიცების შემთხვევაში, რაგბის სამყაროში დიდი ცვლილებები განხორციელდება. The Times-მა ახალი ტურნირის შესახებ მეტი დეტალი გამოაქვეყნა...

საქართველოს ნაკრები ახალ ტურნირს ჩელენჯერ დივიზიონიდან დაიწყებს

მოკლედ ახალ ტურნირზე, რომელსაც ერთა ჩემპიონატი ერქმევა (მუშა ვერსია), არსით კი ჩრდილოეთისა და სამხრეთის დაპირისპირება იქნება: ევროპის 6 ნაკრები (ექვსი ერის მონაწილეები) ითამაშებენ სამხრეთის 6 საუკეთესო ნაკრების წინააღმდეგ (რაგბი ჩემპიონშიპის 4 ქვეყანა, ფიჯი, იაპონია). ივლისში ევროპული ქვეყანა 3 თამაშს გამართავს სამხრეთში, ნოემბერში სამს - შინ. ტურნირი ორ წელიწადში ერთხელ გამოავლენს გამარჯვებულს დიდ ფინალში (ჩრდილოეთის საუკეთესო გუნდი სამხრეთის საუკეთესოს წინააღმდეგ), ხოლო ბოლოადგილოსნები (ჩრდილოეთი VS სამხრეთი) პლეი ოფში ითამაშებენ ქვედა დივიზიონის საუკეთესოების წინააღმდეგ. 

The Times დღეს ქვედა დივიზიონის შემადგენლობაც გახადა ცნობილი, მასში არ არის რუსეთის ნაკრები, რომელიც მსოფლიო რაგბიმ მოკვეთა უკრაინაში ომის გამო. 

ჩრდილოეთი VS სამხრეთის ტესტებს ოფიციალური ტურნირი ჩაანაცვლებს

ხუთშაბათს მსოფლიო რაგბიმ უნდა გამოაცხადოს ავსტრალია (2027) და აშშ (2031) მსოფლიოს თასის მასპინძელ ქვეყნებად, ხოლო 2025-ში ინგლისი და 2029-ში აშშ ქალთა მსოფლიოს თასს უმასპინძლებენ. 

ახალი დეტალები ერთა ჩემპიონატზე

🏉 ერთა ჩემპიონატი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება, ლუწ წლებში. 

🏉 ტოპდივიზიონი დაიწყება 2026 წელს, ქვედა დივიზიონი ორი წლით ადრე. 

🏉 ტოპდივიზიონში ითამაშებენ: ინგლისი, საფრანგეთი, ირლანდია, უელსი, შოტლანდია, იტალია (ჩრდილოეთი); ახალი ზელანდია, ავსტრალია, სამხრეთი აფრიკა, არგენტინა, ფიჯი, იაპონია (სამხრეთი)

🏉 მე-2 დივიზიონში ითამაშებენ: საქართველო, რუმინეთი, ესპანეთი, პორტუგალია, ნიდერლანდები, კანადა (ჩრდილოეთი); სამოა, ტონგა, ურუგვაი, ჩილე, ნამიბია, აშშ (სამხრეთი). 

🏉 მედიის ინფორმაციით, "ჩელენჯერ დივიზიონის" წევრებმა უკვე მოილაპარაკეს, რომ 2024 წელს უარს იტყვიან ტოპგუნდებთან ტესტებს და ტურნირს დაიწყებენ. 

🏉 ჩრდილოეთის წარმომადგენელი ტურნირის განმავლობაში ერთხელ შეხვდება სამხრეთის ყველა წარმომადგენელს დივიზიონში (შინ ან სტუმრად) და პირიქით. 

🏉 სარელეგაციო პლეი ოფი ორი იქნება - ჩრდილოეთის ბოლოადგილოსანს და მე-2 დივიზიონში ჩრდილოეთის პირველადგილოსანს შორის და სამხრეთის ბოლოადგილოსანსა და მე-2 დივიზიონში სამხრეთის პირველადგილოსანს შორის. რომელი ნაკრები იქნება მასპინძელი, ჯერ უცნობია. 

🏉 დუბლინის შეკრებაზე პრინციპულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუმცა ოფიციალურად ტურნირის შესახებ ნოემბერში გამოცხადდება. 

🏉 პლეი ოფის შედეგები ეფექტური იქნება მხოლოდ ერთა ჩემპიონატისთვის და არანაირი გავლენა არ ექნება 6 ერის ან რაგბი ჩემპიონშიპის მონაწილეთა ვინაობაზე. 

🏉 როგორც ელიტაში, ისე მე-2 დივიზიონში ზოგიერთი თამაში ნეიტრალურ მოედანზე ჩატარდება, რათა მგზავრობის ხარჯები შემცირდეს. 

🏉 ვარაუდობენ, რომ მოგება ამ ტურნირის თითოეული მატჩიდან 40%-ით გაიზრდება, ვიდრე ეს ახლანდელი ტესტების სისტემითაა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მსოფლიო რაგბიმ მოამზადა ერთიანი კალენდრის პროექტი და დააწესა ახალი ტურნირი რაგბის ერთა ლიგა, რომელიც იმის გამო დაიბლოკა, რომ 6 ერის ტურნირზე და სამხრეთულ რაგბის ჩემპიონშიპზე აღზევება/გავარდნის სისტემის შემოღებას გულისხმობდა. მას მერე, რაც მსოფლიო რაგბის პრეზიდენტის არჩევნებში ბილ ბომონტმა აუგუსტინ პიშოს აჯობა, ბომონტმა განაცხადა, რომ 6 ერს ცვლილებები არ შეეხებოდა.  

კომენტარები

ბოლო ამბები