Thumbnail

ესპანეთის ლა ლიგის 36-ე ტურში ვალენსიამ სევილიის ბეტისს უმასპინძლა და სამეფო თასის ფინალში პენალტების სერიაში განცდილი მარცხისთვის რევანში ვერ აიღო - ანდალუსიელებმა "მესტალიაზე" იოლად მოიგეს - 3:0.

გიორგიმ პირველ ტაიმში ორი მოგერიება მიითვალა, განსაკუთრებით რთული დარტყმა მაშინ მოიგერია, როცა სერხიო კანალესის საჯარიმო უკუაგდო. თუმცა, მე-2 ნახევარში ქართველმა გოლკიპერმა 3 გოლი გაუშვა. ჯერ ვილიან ჟოზემ გაუტანა ახლო მანძილიდან, მერე 87-ე წუთზე სერხიო კანალესმა საჯარიმოს მისადგომებიდან შეაგდო, წერტილი კი ბორხა იგლესიასმა ახლო მანძილიდან დასვა. მამარდაშვილს ალბათ, პირველ ორ-გოლში გუნდის გადარჩენა შეეძლო, თუმცა, ვერც იმას ვიტყვით, რომ ეს გოლები მის სინდისზე იყო.

გიორგის კარგი სერია შეწყდა

სტატისტიკის ვებგვერდმა Whoscored-მა მამარდაშვილს 5.4 ქულა დაუწერა, რაც ყველაზე დაბალი შეფასება გამოდგა, თუმცა, 3 გაშვებული გოლიდან გამომდინარე, ეს მოსალოდნელი იყო. ვალენსია ლა ლიგაში 36 ტურის შემდეგ 44 ქულით მე-10 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 15 მაისს, სტუმრად ესპანიოლთან გამართავს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას გასულ ზაფხულს დინამო თბილისიდან იჯარით შეუერთდა და პრესეზონის დროს კარგი თამაშით თავის გამოჩენა მოახერხა. მან სეზონის სტარტზეც ზედიზედ 6 თამაში ჩაატარა, თუმცა შემდეგ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და სექტემბრიდან თებერვლამდე უთამაშებელი იყო. მიუხედავად ამისა, გიორგიმ სასტარტოში ადგილი დაიბრუნა. მან ყველა ტურნირზე უკვე 21 თამაში ჩაატარა, 9-ჯერ კარი მშრალი შეინახა და 22 გოლი გაუშვა. გარდა ამისა, გიორგი ლა ლიგამ 3-ჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, ხოლო 2-ჯერ ტურის (პირველი და 35-ე ტურში) საუკეთესო მეკარედ დაასახელა. ვალენსიამ მამარდაშვილი 2021 წლის 31 დეკემბერს, გამოისყიდა და კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

კომენტარები

ბოლო ამბები