Thumbnail

NBA | ემბიიდი და ჰარდენი გაყინეს! მაიამის დაცვამ ფილადელფია უშანსოდ დატოვა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მაიამი ჰიტი 120:85 ფილადელფია სიქსერსი
  • ბატლერს ამჯერად თანაგუნდელებმაც აუბეს მხარი
  • ლოგიკურად, ამ სერიაში მე-7 თამაში უნდა გახდეს საჭირო

მაიამი დაბრუნდა, დომინანტური თამაში აჩვენა და ფილადელფიას 120:85 განადგურებით სერიაში ისევ დაწინაურდა! ჯიმი ბატლერი შეტევაში ათამაშდა ისე, როგორც მისგან ელიან, ხოლო ჰიტის დაცვამ კი ფანტასტიკურად ითამაშა ჯოელ ემბიიდისა და ჯეიმს ჰარდენის წინააღმდეგ.

ზედიზედ ორი მარცხის და ფილას ბრძოლაში დაბრუნების შემდეგ, მაიამის გამარჯვების მთავარი შემოქმედი სწორედ ბატლერი იყო 23 ქულით (9/15, 2/4 სამქულიანი), 8 მოხსნითა და 6 ასისტით, მაგრამ წინა ორი მატჩისგან განსხვავებით, მას ამჯერად სხვებმაც აუბეს მხარი. ეს განსაკუთრებით მაქს სტრუსს ეხება, რომელმაც 19 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ეხება გეიბ ვინსენტსაც (15 ქულა) და მაიამის კიდევ ოთხმა მოთამაშემ ჩააგდო 10 და მეტი ქულა.

თუმცა ჰიტის მთავარი ძალა დაცვა გახლდათ. ე.წ. Garbage Time-მდე (8 წუთი საფინალო სირენამდე) მაიამიმ ფილადელფიას 70 ქულაზე მეტი არ ჩააგდებინა. სტუმრები თავიანთ რიტმს ვერა და ვერ პოულობდნენ. სიქსერსიდან ყველაზე მეტი ქულა ემბიიდს ჰქონდა და ისიც 17 (7/12). მას აშკარად ეტყობოდა, რომ 100 პროცენტით ვერ იხარჯებოდა. ჰარდენმაც მხოლოდ 14 ქულა ჩააგდო.

ამ სერიაში მასპინძლები სამქულიანებს გაცილებით უკეთ ისვრიან ხოლმე. ასე იყო ამ თამაშშიც: სტუმრად ჩატარებულ მატჩებში სამიანების კატასტროფული მაჩვენებლის შემდეგ, მაიამიმ ისევ ჩაყარა სამქულიანები. მარტო სტრუსს პირველ მეოთხედში 3 ზუსტი სამიანი ჰქონდა. მაიამის პირველ ტაიმში იმდენი სამქულიანი ჰქონდა, რამდენიც წინა, მეოთხე შეხვედრაში მთლიანად (7/18). საბოლოო ჯამში ძალიან ბევრიც არ ჩაუგდიათ (13/33), მაგრამ სამიანებს ფილადელფიაზე (9/32) უკეთესად კი ისროდნენ.

“ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ამ ბარიერის გადალახვა. მთავარია, ახლა სტუმრადაც ასე ვითამაშოთ,” - თქვა მატჩის შემდეგ ბატლერმა.

“მეტოქემ დღეს ყველაფერ ჩვენზე უკეთესად და მძლავრად გააკეთა. თითქმის არაფერი გამოგვივიდა,” - ეს ფილადელფიას მთავარი მწვრთნელის, დოკ რივერსის სიტყვებია.

ამრიგად, 3:2 მაიამის სასარგებლოდ. მომდევნო დუელი 13 მაისს, ფილადელფიაში გაიმართება და თუ ჰიტი მოიგებს, აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავა, თუ არა და გადამწყვეტი, მეშვიდე თამაში გახდება საჭირო, რომელსაც 16 მაისს მაიამიმ უნდა უმასპინძლოს.

კომენტარები

ბოლო ამბები