Thumbnail

შოკი 'კამპ ნოუზე' - რონალდ არაუხო გონზე საავადმყოფოში მოვიდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ბარსელონა 3:1 სელტა
  • კატალონიელთა მცველმა თავის ტვინის შერყევა მიიღო და გონება დაკარგა
  • 23 წლის ურუგვაელი მოედნიდან კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს  

ესპანეთის ჩემპიონატის 36-ე ტურის შეხვედრაში, რომელშიც ბარსელონამ სელტა დაამარცხა (3:1), კატალონიური გუნდის მცველმა რონალდ არაუხომ მძიმე ტრავმა მიიღო და მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რონალდ არაუხოს ტრავმამ ყველა შეაშინა

მეორე ტაიმის მიმდინარეობისას, 67-ე წუთზე, ერთ-ერთ სათამაშო ეპიზოდში არაუხომ თავი თანაგუნდელ გავის ჩაარტყა. ეს უკანასკნელი გაზონზე გაწვა და თავზე ხელები მოიკიდა, რონალდი კი რამდენიმე მეტრის გარბენის გადადგმის შემდეგ მოწყვეტით, გონდაკარგული დაეცა.

ნანახმა მთელი სტადიონი შოკში ჩააგდო. მოთამაშეებმა და მსაჯმა დასახმარებლად ექიმებს უხმეს, თუმცა მედიკოსებმა ფეხბურთელის გონზე მოყვანა მაინც ვერ შეძლეს. როგორც აღმოჩნდა, 23 წლის ურუგვაელმა ფეხბურთელმა ტვინის შერყევა მიიღო და ის მოედნიდან რეანომობილით გაიყვანეს. 

საბედნიეროდ, არაუხოს ტრავმა არ აღმოჩნდა ისეთი მძიმე, როგორიც ეს ერთი შეხედვით ჩანდა. მოგვიანებით ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ ფეხბურთელის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

"ექიმმა გვაცნობა, რომ არაუხო გონზე მოვიდა. მისი თქმით, ის ღამეს საავადმყოფოში გაატარებს, თუმცა ეს მხოლოდ თავის დაზღვევის მიზნით არის საჭირო და სანერვიულო არაფერი გვაქვს".

რონალდ არაუხო ბარსელონას ღირსებას 2018 წლიდან იცავს. მიმდინარე სეზონში ურუგვაელმა მცველმა ესპანეთის ჩემპიონატის 29 მატჩში ითამაშა და 4 გოლი გაიტანა. 2020 წლიდან არაუხოს ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში იწვევენ.

კომენტარები

ბოლო ამბები