Thumbnail

ზედიზედ ორი მატჩის წაგების შემდეგ, NBA-ს რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდი ფინიქსი დალასთან დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალურ სერიაში დომინანტურად დაბრუნდა 110:80 მოიგო და კონფერენციის ფინალამდე 1 მოგება აშორებს.

მეტ-ნაკლებად თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ, სანსი მესამე პერიოდიდან ძალიან მძლავრად ათამაშდა და ეს შედეგშიც ასახა. მასპინძელთა წარმატების მთავარი შემოქმედი დევინ ბუკერი გახლდათ 28 ქულით (11/19) და მას სხვებიც იდეალურად ეხმარებოდნენ. კრის პოლმა მართალია, ბევრი ქულა ვერ დააგროვა (7), მაგრამ სამაფიეროდ 10 ასისტი ჰქონდა. დეანდრე ეიტონი 20 ქულასა და 9 მოხსნაზე ავიდა.

დალასიდან საუკეთესო, რა თქმა უნდა, ლუკა დონჩიჩი გახლდათ 28 ქულით (10/23). სლოვენიელს 10 მოხსნაც ჰქონდა. თუმცა მისი დახმარება ამ თამაშში მხოლოდ ჯეილენ ბრანსონმა მოახერხა (21 ქულა, 9/16). მათ გარდა 10 ქულამდე მხოლოდ დევის ბერტანსი ავიდა (10, 3/4).

“წინა მატჩები ძალიან კარგად გავაანალიზეთ. მწვრთნელმა შეცდომებზე მიგვითითა, ჩვენ კი მისი დავალებები კარგად შევასრულეთ.” - აღნიშნა მატჩის შემდეგ ბუკერმა.

“წინა ორ თამაშში ჩვენი ტემპი ძალიან კარგი იყო, დღეს კი სწორედ ამ კრიტერიუმში მოვიკოჭლებდით. უნდა გვახსოვდეს, რომ NBA-ს ერთ-ერთ საუკეთესო დაცვას ვეთამაშებით. მათ დღეს 80 ქულაზე მეტი არ ჩაგვაგდებინეს. ბურთი მეტად უნდა ვამოძრაოთ და უკეთესი ტემპი უნდა გვქონდეს. უფრო სწრაფად უნდა ვითამაშოთ,” - ეს დონჩიჩის სიტყვებია.

5 მატჩის შემდეგ ფინიქსი 3:2-ს იგებს. მომდევნო დაპირისპირება 13 მაისს, დალასში შედგება.

კომენტარები

ბოლო ამბები