Thumbnail
  • ბეტისი 93:86 გრან კანარია
  • ქართველმა კალათბურთელმა 29 მარტის შემდეგ პირველად ითამაშა

ესპანურმა ბეტისმა, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი ბექა ბურჯანაძე იცავს, ლიგა ენდესაში ადგილის შენარჩუნება მოახერხა და მომავალ სეზონშიც უძლიერესთა შორის ითამაშებს. მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ ბეტისელთათვის ტრიუმფალურ მატჩში მოედანს 28 წლის ქართველი ლეგიონერიც დაუბრუნდა, რომელმაც მძიმე ტრავმის მოშუშება მოსალოდნელზე ადრე მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ ბურჯანაძემ ბოლოს 29 მარტს გიორგი შერმადინის ლენოვო ტენერიფესთან ითამაშა და 31 წუთში 18 ქულა ჩააგდო, რითაც მიმდინარე სეზონში პირადი რეკორდი გაიმეორა. სწორედ ამ მატჩის შემდეგ გაირკვა, რომ ბურჯანაძეს ისევ პრობლემები ჰქონდა.

მალევე დაიწერა, რომ ბექას სეზონის დარჩენილი ნაწილის გამოტოვება მოუწევდა, თუმცა, ეს ვარაუდი არ გამართლდა. ქართველი მძიმე ფორვარდი ყოფილ გუნდ გრან კანარიასთან მოგებულ (93:86) მატჩში სიმბოლური დროით კი გამოჩნდა, თუმცა, მთავარი ისაა, რომ ის უკვე მწყობრშია და სანაკრებო ბატალიებსაც მომზადებული შეხვდება.

ბურჯანაძემ კანარელებთან მოედანზე მხოლოდ 25 წამი გაატარა და აქტივში 1 მოხსნა ჰქონდა, შეხვედრის გმირი კი ამერიკელი შენონ ევანსი გახდა, რომელმაც 28 ქულას 17 პასი წაამატა. ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა (14 ქულა, 9 მოხსნა) ჯეიკობ ვილისაც, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების მაისურით საქართველოს 2-ჯერ დაუპირისპირდა. 

ბეტისმა აღნიშნული წარმატების წყალობით 12 მოგება და 21 მარცხი მოაგროვა და უკვე ვერცერთი გათვლით ვეღარ მოხვდება ლიგა ენდესას ბოლო ორ გუნდში, რომლებსაც დაქვეითება ელით. აღსანიშნავია, რომ სევილიელთა გადარჩენა ჩინებულმა საფინიშო სპურტმა განაპირობა. ბურჯანაძის კლუბი თითქმის მუდმივად აუტსაიდერთა შორის იყოს, თუმცა, ბოლო 7 მატჩიდან 6 (!) მოიგო და ასე გადარჩა.

ბეტისი სეზონის დასკვნით შეხვედრას, რომელიც მისთვის უკვე აღარაფერს წყვეტს, 14 მაისს სტუმრად ბილბაო ბასკეტთან ჩაატარებს. ვთქვათ ისიც, რომ ბურჯანაძეს სეზონში 23 მატჩი მოუგროვდა და ასეთი საშუალო სტატისტიკა აქვს: 16:07 წუთი, 6.6 ქულა, 3.6 მოხსნა, სარგებლიანობის კოეფიციენტი 8.0.

კომენტარები

ბოლო ამბები