Thumbnail
  • 'ქალაქს კარგად შეეგუა და მისი ოჯახის წევრებიც კმაყოფილები არიან'
  • ქართველი კალათბურთელი ვირტუსთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს

თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონიას დღეს ევროთასის გადამწყვეტი მატჩი ელის, მანამდე კი ცნობილი ხდება, რომ მისი იტალიურ კლუბში დარჩენა თითქმის გადაწყვეტილია. ამის შესახებ ინფორმაციას Basketnews ავრცელებს.

“თორნიკე შენგელიასა და დენიელ ჰეკეტის მისვლით, ბოლონიელებმა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დიდი ძალა შეიძინეს. გამოცდილება, ლიდერისთვის აუცილებელი თვისებები, კარგი დაცვა – ეს ის კომპონენტებია, რომლებიც აღნიშნულმა კალათბურთელებმა სერჯო სკარიოლოს გუნდში მიიტანეს.

შენგელიამ ვირტუსთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა და თავდაპირველი ვარაუდით, ბოლონიელებს მისი შენარჩუნება ძალიან უნდა გასჭირვებოდათ. ახლა, სიტუაცია შეიცვალა, ჩვენი ინფორმაციით, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ თორნიკე იტალიურ კლუბში მინიმუმ კიდევ 2 სეზონი დარჩება.

ქართველი ფორვარდი საკმაოდ იოლად შეეგუა ახალ ქალაქს და მისი ოჯახის წევრებიც კმაყოფილები არიან იმ გარემოთი, რომელიც ემილიას მხარეშია. სწორედ ეს გახლავთ იმ ოპტიმიზმის საფუძველი, რომელიც ვირტუსში სუფევს. ბოლონიელებს იმედი აქვთ, რომ შენგელიასთან ახალი კონტრაქტი მალევე დაიდება, მიუხედავად იმისა, რომ თოკოს რამდენიმე ესპანურ კლუბს, პირველ რიგში კი, ბარსელონას უკავშირებდნენ”.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის შენგელია იტალიური კლუბში შუა სეზონში მოსკოვის ცსკა-დან გადავიდა, რუსეთიდან წასვლის მიზეზი კი უკრაინაში დაწყებული ომი გახდა. მისი ვირტუსში გადაბარგების შემდეგ, კლუბმა როგორც ევროთასზე, ასევე იტალიის ჩემპიონატში მხოლოდ თითო მატჩი წააგო. შედეგად, ბოლონია სერია A-ს სათავეში იმყოფება, ევროთასზე კი ფინალშია გასული და დღეს საღამოს თურქულ ბურსასპორს დაუხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები