Thumbnail

GAMING | ახალი სახელი, უკეთესი თამაში? FIFA-ს დასასრული დადასტურდა

ვასილ ჩავლეშვილი პროფილის ფოტო
ვასილ ჩავლეშვილი
  • EA Sports-სა და FIFA-ს შორის თანამშრომლობა FIFA 23-ით დასრულდება
  • რას უნდა ველოდოთ ახალ თამაშში, რომელსაც EA გამოუშვებს

ახლა უკვე ოფიციალურად: EA Sports-სა და FIFA-ს შორის თანამშრომლობა FIFA 23-ით დასრულდება. ამ ორი კომპანიის ურთიერთობა დაახლოებით 30 წლის წინ დაიწყო და ფინანსური შეუთანხმებლობის გამო დასასრულს მიუახლოვდა. 2023 წლიდან ყველაზე პოპულარული საფეხბურთო სიმულატორი სახელს შეიცვლის და მას FIFA-ს ნაცვლად EA Sports FC ერქმევა.

მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრები ჯერ კიდევ წლის დასაწყისში ვრცელდებოდა, თუმცა ამ ყველაფერს ოფიციალური სახე არ ჰქონია. “ფიფასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვქონდა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ერთად შევქმენით მილიარდების ღირებულების ინდუსტრია. მაგრამ როდესაც მომავალს ვუყურებთ, გვინდა, ფრენჩაიზის შესაძლებლობები კიდევ უფრო გავზარდოთ, რაშიც ფიფასთან ლიცენზია ხელს გვიშლიდა” - ჯერ კიდევ 23 თებერვალს განაცხადა EA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ენდრიუ უილსონმა.

ამ განცხადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, EA-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ FIFA-სთან კონტრაქტს წყვეტს, რისი მთავარი მიზეზი ფინანსური შეუთანხმებლობა გახდა. EA Sports-მა FIFA-ს 2013 წლიდან 2022 წლამდე დაახლოებით 850 მილიონი ევრო გადაუხადა, ახლა კი ფიფა ორჯერ მეტს ითხოვდა, იგივე თანხას ოთხ წელში.   

რაც შეეხება ახალ თამაშს, რომელიც FIFA 23-ის შემდეგ გამოვა და EA Sports FC ერქმევა: თამაშის ძირითადი მექანიკა და რეჟიმები უცვლელი დარჩება. მინუსი მხოლოდ ის არის, რომ მსოფლიოს ჩემპიონატი და FIFA-ს მიერ სხვა კონტროლირებადი ღონისძიებები თამაშში ხელმისაწვდომი აღარ იქნება.  

"მომავალი წლიდან, EA SPORTS FC ფეხბურთის ნაწილი გახდება. ყველაფერი, რაც ჩვენს თამაშში მოგწონთ უცვლელი დარჩება: Ultimate Team, Pro Clubs, VOLTA, კარიერის რეჟიმები, კლუბები და სპორტსმენები ისევ თამაშში იქნება”- წერია EA-ს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, FIFA-მ გაყიდვებით 20 მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ყველაზე პოპულარულმა საფეხბურთო სიმულატორმა თამაშის ირგვლივ 150 მილიონ გულშემატკივარზე მეტი შეკრიბა და ფიფას პოპულარიზაციაში დაეხმარა.

FIFA 22 ფრენჩაიზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თამაშია

EA-ს განცხადებაში ასევე ვკითხულობთ: “გვინდა მადლობა გადავუხადოთ 150 მილიონზე მეტ გულშემატკივარს, რომლებმაც წარმოუდგენელი საფეხბურთო გასართობი პლატფორმა შექმნეს. ჩვენ მალე ახალ საინტერესო ეპოქას დავიწყებთ." გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ EA SPORTS FC-ის პარტნიორი Nike იქნება.  

ამ საფეხბურთო სიმულატორის მოყვარულებს ისღა დაგვრჩენია, დაანონსებულ სიახლეებს დაველოდოთ. EA ახალ ეპოქასა და უფრო მაგარ თამაშს გვპირდება. იმედია, კომპანია მათი კონკურენტის ბედს არ გაიზიარებს, მანამდე კი FIFA 22-ისა და შემდეგ უკვე FIFA 23-ის სათამაშოდ, ჯოისტიკების მომარჯვება თამამად შეგვიძლია.

კომენტარები

ბოლო ამბები