Thumbnail

ზაფხულში ათენში დაგეგმილი აკროპოლისის თასის შესახებ, რომელშიც საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრებიც ითამაშებს, ახალი დეტალები ხდება ცნობილი. პოპსპორტის ინფორმაციით, საბოლოო სახე მიიღო მონაწილეთა სიამ და მასში გარკვეული ცვლილებებია.

როგორც უკვე ვწერდით, მასპინძელთა გარდა, ბერძნული მხარის მიწვევით პრესტიჟულ ტურნირზე სლოვენიას, საქართველოს და ჩეხეთს ან პოლონეთს უნდა ეთამაშათ. ბოლო ორიდან საბოლოოდ პოლონეთი შეირჩა, ევროპის მოქმედი ჩემპიონის სლოვენიის ნაცვლად კი, ათენში თურქეთის ეროვნული ნაკრები ჩავა.

ამ უკანასკნელთან შერკინება ქართველი კალათბურთელებისთვის განსაკუთრებით საინტერესო უნდა იყოს იმ ფონზე, რომ თურქეთი მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზეც ჩვენი ერთ-ერთი მეტოქეა და სექტემბერში თბილისში ჩამოვა.

ცნობისთვის, თურქებს აკროპოლისის თასზე 2-ჯერ (2015, 2019) უასპარეზიათ, იქ ასევე 2-ჯერ (1998, 2003) ყოფილა პოლონეთი, საქართველოს ნაკრებმა კი ათენში ერთადერთხელ, ევრობასკეტი 2017-ის წინ ითამაშა და ტურნირთან სასიამოვნო მოგონება აკავშირებს.

საქართველოს ნაკრები თურქეთს აკროპოლისის თასზეც ეთამაშება და ევრობასკეტზეც

მაშინ ილიას ზუროსის გუნდმა საბერძნეთს 72:71 სძლია, შემდეგ უძლიერეს სერბეთსაც აჯობა (68:66) და მართალია, დასკვნითი თამაში იტალიასთან 65:73 წააგო, პირველი ადგილი მაინც არავის დაუთმო. ამ წარმატებული ტურნირის შემდეგ, საქართველოს ეროვნული გუნდი ევრობასკეტი 2017-ზე ჩავიდა და სასტარტო შეხვედრაში ლიეტუვაც დაამარცხა (79:77), თუმცა, საბოლოო ჯამში, ჯგუფიდან გასვლა ვერ მოახერხა.

მომავალი ევროპის ჩემპიონატი 1-18 სექტემბერსაა დაგეგმილი და თბილისის გარდა, მასპინძელი ქალაქები პრაღა (ჩეხეთი), კიოლნი, ბერლინი (ორივე – გერმანია) და მილანიც (იტალია) არიან. საქართველოს ნაკრებს თურქეთის გარდა, მეტოქეებად ესპანეთი, ბელგია და ბულგარეთი ერგო, რუსეთის საკითხი კი მოგვიანებით გაირკვევა. 

ტურნირის რეგლამენტის თანახმად, 4 ექვსგუნდიანი ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მე-5 ევრობასკეტზე (2011, 2013, 2015, 2017, 2022) ითამაშებს, საუკეთესო შედეგი კი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, როდესაც პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და საბოლოოდ, მე-11 ადგილზე გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები