Thumbnail
  • ერლინგ ჰაალანდის ტრანსფერი ჟეზუშს წასვლაზე კიდევ უფრო მეტად აფიქრებს
  • ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტმა არსენალთან მოლაპარაკებები დაადასტურა

გაბრიელ ჟეზუში და ლონდონის არსენალი შესაძლო თანამშრომლობაზე თათბირობენ. ამის შესახებ ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა. მანჩესტერ სიტის შემტევს კლუბის გამოცვლა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ სურს.

"გვქონდა არსენალთან მოლაპარაკებები ჟეზუშთან დაკავშირებით. მოგვწონს მათი პროექტი. ეს არის შესაძლებლობა, რომელსაც განვიხილავთ. გაბრიელ ჟეზუშით არსენალის გარდა, კიდევ 6 სხვა კლუბია დაინტერესებული. ის ახლა მანჩესტერ სიტის დარჩენილ თამაშებზეა ორიენტირებული. ვნახოთ რა იქნება", - განაცხადა ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტმა.

პეპ გვარდიოლას მანჩესტერ სიტიში გაბრიელ ჟეზუში სათამაშო დროით კმაყოფილი ისედაც არ არის. "ქალაქელებმა" უკვე ოფიციალურად დაადასტურეს, რომ გუნდს ახალი სეზონიდან ახალგაზრდა სუპერფორვარდი ერლინგ ჰაალანდი დაემატება, რაც ბრაზილიელ ფეხბურთელს კლუბის გამოცვლისკენ კიდევ უფრო მეტად უბიძგებს.

ბრაზილიელით 7 კლუბი ინტერესდება

25 წლის შემტევს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ძალიან მაღალი ალბათობით, ბრაზილიელი "ქალაქელებთან" ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს და მომავალი სეზონიდან კარიერას ახალ გუნდში გააგრძელებს. ბრაზილიელის აგენტის თქმით, საერთო ჯამში გაბრიელით 7 კლუბი ინტერესდება, თუმცა არსენალის გარდა, სხვა გუნდებზე კონკრეტული ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

ჟეზუში და ლონდონის არსენალის მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა ერთმანეთს კარგად იცნობენ. ბრაზილიელი შემტევი და ესპანელი სპეციალისტი ერთად მანჩესტერ სიტიში მაშინ მუშაობდნენ, როდესაც არტეტა ჯერ კიდევ გვარდიოლას ასისტენტი იყო.

გაბრიელ ჟეზუშმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 8 გატანილი გოლითა და 9 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ჟეზუში სიტის 2017 წელს, პალმეირასიდან შეუერთდა და სხვა ტიტულებთან ერთად, 3-ჯერ პრემიერლიგის ჩემპიონობა იზეიმა.

კომენტარები

ბოლო ამბები