Thumbnail

10 000 მაყურებელზე გათვლილი მულტიფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა, რომელმაც თბილისში დაგეგმილი ევრობასკეტის ერთ-ერთ ჯგუფს უნდა უმასპინძლოს, დასასრულს უახლოვდება. დარბაზში ფაქტობრივად დასრულებულია პარკეტისა და ინდივიდუალური სკამების დაგება, დამონტაჟდა მცირე ტაბლოები, მალე კი მთავარი, დიდი ტაბლოც უნდა დამონტაჟდეს, რომელიც უკვე ჩამოტანილია და არენის ცენტრში უნდა დაიკიდოს.

დღეს მშენებარე დარბაზი კიდევ ერთხელ დაათვალიერა ფიბა-დან ჩამოსულმა დელეგაციამ, რომელსაც ფიბა-ევროპის აღმასრულებელი დირექტორი კამილ ნოვაკი ხელმძღვანელობს. სტუმრები არენას კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ვიქტორ სანიკიძესთან, გენერალურ მდივან გიორგი ქართველიშვილთან და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეებთან, სოსო გიორგაძესთან და იოსებ ბაღათურიასთან ერთად ესტუმრნენ და ნანახით კმაყოფილები დარჩნენ.

შეგახსენებთ, რომ ფიბა-ში მშენებლობის თავდაპირველი ტემპებით უკმაყოფილონი იყვნენ, ახლა კი, სიტუაცია შეიცვალა და ორგანიზაციაში ეჭვი არ ეპარებათ, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატს ღირსეულად უმასპინძლებს. თუმცა მანამდე, ერთგვარი გენერალური რეპეტიციაცაა დაგეგმილი. ახალ დარბაზში პირველი შეხვედრა 4 ივლისს შედგება, როდესაც საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში ესპანეთს უმასპინძლებს.

მულტიფუნქციურ სპორტულ დარბაზში ძირითადი სამუშაოები დასრულებულია
📷 | პირველი არხი

“ჩემი წინა ვიზიტის დროს უკმაყოფილო დავრჩი და ევრობასკეტამდე დარბაზის მშენებლობის დასრულების პერსპექტივას სკეპტიკურად ვუყურებდი, თუმცა, შეფერხებები არ გამკვირვებია, რადგან პანდემიის გამო, ანალოგიური პრობლემები ბევრ ქვეყანაში შეიქმნა. ახლა სრულიად სხვა განწყობა მაქვს, რადგან მშენებლობა კარგად მიდის და პროგრესი აშკარაა. შთამბეჭდავი დარბაზია და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ევროპის ჩემპიონატს ღირსეულად უმასპინძლებს”, - განაცხადა კამილ ნოვაკმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში.

კომენტარი გააკეთა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვიქტორ სანიკიძემაც: “ის შეფასებები, რომლებიც მოვისმინეთ, ძალიან კარგია. ფიბა-ში კმაყოფილები არიან იმით, რაც წინა ვიზიტიდან მოყოლებული დღემდე გაკეთდა. სამუშაოების უდიდესი ნაწილი უკვე დასრულებულია, თვის ბოლომდე კი, ალბათ, ყველაფერი დამთავრდება”.

შეგახსენებთ, რომ მომავალი ევროპის ჩემპიონატი 1-18 სექტემბერსაა დაგეგმილი და თბილისის გარდა, მასპინძელი ქალაქები პრაღა (ჩეხეთი), კიოლნი, ბერლინი (ორივე – გერმანია) და მილანიც (იტალია) არიან. ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ესპანეთი, თურქეთი, ბელგია და ბულგარეთი იქნებიან, რუსეთის საკითხი კი მოგვიანებით გაირკვევა. 

ტურნირის რეგლამენტის თანახმად, 4 ექვსგუნდიანი ჯგუფიდან 4-4 საუკეთესო პლეი ოფში გავა და თამაშს მერვედფინალიდან გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკალათბურთო ნაკრები ზედიზედ მე-5 ევრობასკეტზე (2011, 2013, 2015, 2017, 2022) ითამაშებს, საუკეთესო შედეგი კი სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა, როდესაც პირველი ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და საბოლოოდ, მე-11 ადგილზე გავიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები