Thumbnail
  • Sportico-მ მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების რეიტინგი განაახლა
  • ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტი ლებრონ ჯეიმსმა გამოიმუშავა
  • სამეულში მოხვდნენ ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო 

ლოს ანჯელეს ლეიკერსის ლიდერი ლებრონ ჯეიმსი მსოფლიოს წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი გახდა. Sportico-ს 2022 წლის რეიტინგის მიხედვით, 37 წლის კალათბურთელმა ბოლო 12 თვის განმავლობაში $ 126,9 მილიონი გამოიმუშავა, რაც მის სპორტულ კარიერაში რეკორდულად მაღალია. 

აღსანიშნავია, რომ ლებრონის წლიური შემოსავალი კონტრაქტიდან და საპრიზოებიდან მხოლოდ $ 36,9 მილიონი იყო, დანარჩენი $ 90 მილიონი კი სპორტმენმა სარეკლამო კონტრაქტებიდან გამოიმუშავა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების ოცეულში, ლებრონის გარდა, NBA-ს კიდევ ექვსი კალათბურთელი მოხვდა: სტეფ კარი (გოლდენ სტეიტი), კევინ დურანტი (ბრუკლინი), ჯეიმს ჰარდენი (ფილადელფია), იანის ანტეტოკუნმპო (მილუოკი), რასელ ვესტბრუკი (ლეიკერსი) და კლეი ტომპსონი (გოლდენ სტეიტი).

რაც შეეხება ფეხბურთელებს, ხუთეულში ამ სპორტის ერთბაშად სამი წარმომადგენელია - პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელი ლიონელ მესი ($ 122 მლნ), მანჩესტერ იუნაიტედის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ($ 115  მლნ) და პსჟ-ის თავდამსხმელი ნეიმარი ($ 103  მლნ). მეხუთე ადგილზე, გამომუშავებული $ 89 მილიონით, მექსიკელი მოკრივე საულ "კანელო" ალვარესია. 
   
აღსანიშნავია, რომ შარშანდელი რეიტინგის ლიდერი, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი ორ წონით კატეგორიაში კონორ მაკგრეგორი წელს მხოლოდ 22-ე ადგილს დასჯერდა. 

წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები
1. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - $ 126,9 მლნ
2. ლიონელ მესი (ფეხბურთი) - $ 122 მლნ
3. კრიშტიანო რონალდო (ფეხბურთი) - $ 115 მლნ
4. ნეიმარი (ფეხბურთი) - $ 103 მლნ
5. საულ "კანელო" ალვარესი (კრივი) - $ 89 მლნ
6. სტეფ კარი (კალათბურთი) - $ 86,2 მლნ
7. კევინ დურანტი (კალათბურთი) - $ 85,9 მლნ
8. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) - $ 85,7 მლნ
9. ჯეიმს ჰარდენი (კალათბურთი) - $ 76 მლნ
10. ტაიგერ ვუდსი (გოლფი) - $ 73,5 მლნ.

კომენტარები

ბოლო ამბები