Thumbnail
  • ვირტუს ბოლონია 80:67 ბურსასპორი
  • იტალიურმა კლუბმა ევროთასი მოიგო და ევროლიგის საგზური მოიპოვა
  • ქართველმა მძიმე ფორვარდმა 5 ქულა, 7 მოხსნა და 2 პასი მიითვალა 

თორნიკე შენგელიას გუნდი ვირტუს ბოლონია 2021/22 წლების საკალათბურთო ევროთასის გამარჯვებული გახდა. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც ბოლონიის "ვირტუს არენაზე" გაიმართა, საქართველოს ნაკრების კაპიტნის გუნდმა თურქული ბურსასპორი დაამარცხა და ტიტულთან ერთად, მომავალ სეზონში ევროლიგაში გამოსვლის უფლებაც მოიპოვა.

თორნიკე შენგელია მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში იყო, თუმცა თამაშიდან პირველი ქულები მან მხოლოდ მესამე მეოთხედში მიითვალა, იქამდე კი მხოლოდ საჯარიმო ტყორცნით მოპოვებული ქულა ჰქონდა. მთლიანობაში, ქართველმა მძიმე ფორვარდმა მოედანზე 22:58 წუთი გაატარა, რა დროშიც 5 ქულა, 7 მოხსნა (2 შეტევაში, 5 დაცვაში) და 2 პასი მიითვალა. თორნიკემ 3-იდან 2 ორქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო, პერიმეტრიდან მისი ოთხივე სროლა კი არაზუსტი აღმოჩნდა. მის ანგარიშზე ასევე თითო ჩაჭრა და დაფარება, 4-4 დაკარგვა და ფოლი იყო, მარგი ქმედების კოეფიციენტმა კი 6 შეადგინა.  

მასპინძლებმა შეხვედრის სტარტზევე შეძლეს უპირატესობის მოპოვება და პირველი მეოთხედი 25:12 მოიგეს, დიდ შესვენებაზე კი +10-ით გავიდნენ (41:31). თურქული გუნდი არ დანებდა და ბოლო მეოთხედის დასაწყისში სხვაობა 5 ქულამდე შეამცირა, თუმცა ვირტუსმა მეტოქეს მეტის საშუალება აღარ მისცა და საბოლოოდ თამაში 13 ქულით, ანგარიშით 80:67 მოიგო.

მატჩის შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, თორნიკე შენგელიამ კი ტიტულის მოპოვება საქართველოს დროშის თანხლებით, შვილებთან ერთად იზეიმა.

თორნიკემ ევროთასი კარიერაში მეორედ მოიგო. პირველად მან ტიტული 2009/10 წლების სეზონში, ვალენსიაში გამოსვლისას დაისაკუთრა. 

ვირტუს ბოლონია, რომელშიც თორნიკე ამ გაზაფხულზე, მოსკოვის ცსკა-ს დატოვების შემდეგ გადავიდა, იტალიის ჩემპიონობისთვისაც იბრძვის. სერჯიო სკარიოლოს გუნდს 1/4-ფინალურ სერიაში მეტოქედ პეზარო ჰყავს, რომელთანაც პირველ დაპირისპირებას 15 მაისს ჩაატარებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები