Thumbnail
  • მემფის გრიზლისი 134:95 გოლდენ სტეიტ უორიორსი
  • მემფისი ძალიან კარგი გუნდია, მაგრამ ამას არავინ მოელოდა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ჯა მორანტი ვერ თამაშობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მემფისის სეზონი გრძელდება!

NBA-ს დასავლეთ კონფრენციის ნახევარფინალური სერიის მეხუთე მატჩში გრიზლისმა გოლდენ სტეიტი დაამარცხა, უფრო სწორად გაანადგურა (134:95) და სერიაში სხვაობა შეამცირა - 3:2 უორიორსის სასარგებლოდ, რომლისთვისაც ეს ისტორიული მარცხია.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ სტივ კერის გუნდმა სამარცხვინოდ ითამაშა. კლეი ტომპსონმა 19 ქულა დააგროვა, სტეფ კარიმ კი - 14. Splash Brothers-ებისთვის ეს თამაში მესამე პერიოდის შუაში უკვე დამთავრებული იყო, რადგან გოლდენ სტეიტი 41 ქულით აგებდა. მერე უფრო უარესებიც მოხდა. იყო მომენტი, როცა მემფისი გოლდენ სტეიტს 55 ქულითაც (!!!) კი უგებდა, ბოლოს კი მასპინძლებმა “გაზიდან ფეხი ცოტათი აიღეს” და საბოლოოდ 134:95.

მემფისიდან საუკეთესოები ჯარენ ჯეკსონ უმცროსი (6/10, 8 მოხსნა, 2 დაფარება), დესმონდ ბეინი (6/12) და ტაის ჯონსი (7/12, 9 ასისტი) იყვნენ - სამივემ 21 ქულა დააგროვა. საინტერესოა, რომ მემფისის არცერთ სტარტერს არ უთამაშია 25 წუთზე მეტი.

მაინც რამდენად უკეთესი იყო მემფისი პირველ ტაიმში? ციფრებით ვილაპარაკოთ: გოლდენ სტეიტს უკვე 14 დაკარგვა ჰქონდა, მემფისს - 3. გოლდენ სტეიტს 17 მოხსნა ჰქონდა, მემფისს - 30 (აქედან 13 შეტევაში). 

მეორე ტაიმში ვითარება დიდად არ შეცვლილა: მასპინძლებს 37 ასისტი ჰქონდათ, სტუმრებს - 22; მემფისს 9 დაკარგვა ჰქონდა, გოლდენ სტეიტს - 22.

კლეი ტომპსონის პლუს-მინუს კოეფიციენტი არ გაინტერესებთ? -45! ეს ყველაზე ცუდი შედეგია პლეი ოფების ისტორიაში მას შემდეგ, რაც Play-by-Play-ს დათვლა დაიწყეს. კლეი ამ ანტირეკორდს ანდრე დრამონდთან ერთად იყოფს, რომელმაც ეს 2019 წელს “მოახერხა”. ამავდროულად, დესმონდ ბეინმა +46 დააფიქსირა და პირველ ადგილზეა ლებრონ ჯეიმსთან და ჯიმი ბატლერთან ერთად.

ხომ ხვდებით, რამდენად არანორმალური თამაში გამოვიდა? თან მემფისმა ეს ყველაფერი ჯა მორანტის გარეშე გააკეთა. მოკლედ, სერიაში სხვაობა შემცირა (3:2 გოლდენ სტეიტის სასარგებლოდ). მომდევნო მატჩი 14 მაისს გაიმართება და მასპინძელი უორიორსი იქნება.

“მემფისის დამარცხება ძალიან ძნელია, რადგან ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. როგორც ჩანს, ამის გახსენება გვჭირდებოდა და დღეს გაგვახსენეს,” - ეს სტეფ კარის სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები