Thumbnail
  • ვალენსიაში ხოსე ბორდალასის მომავალი ჯერჯერობით გაურკვეველია
  • ესპანური მედია "ლოს ჩეს" 41 წლის დიეგო მარტინესს უკავშირებს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

მომდევნო სეზონში ვალენსიას, შესაძლოამ ახალი მწვრთნელი ჰყავდეს. ხოსე ბორდალასს ესპანურ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს, მაგრამ ეს არ არის იმის გარანტია, რომ "მესტალიაზე" დარჩება.

"მარკას" ინფორმაციით, ბორდალასსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვის შემდეგ ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რადგან მწვრთნელის მოთხოვნები შემადგენლობის გაძლიერებასთან დაკავშირებით არ შესრულდა. ბორდალასისთვის ვალენსიას კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში 700 000 ევროს კომპენსაციის გადახდა მოუწევს.

მადრიდული გაზეთი წერს, რომ უკვე შედგა კონტაქტი ვალენსიასა და გრანადას ყოფილ მწვრთნელ დიეგო მარტინესს შორის. აღსანიშნავია, რომ 41 წლის სპეციალისტი "ღამურების" ხელმძღვანელობის ფავორიტი ჯერ კიდევ ერთი წლის წინ იყო, სანამ კლუბს ბორდალასი ჩაიბარებდა. თავის მხრივ, მარტინესს სევილიასაც უკავშირებენ.

ბორდალასის ვალენსიას რთული სეზონი ჰქონდა

ვალენსიას მწვრთნელის საკითხი ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ბორდალასმა გიორგი მამარდაშვილს სრული ნდობა გამოუცხადა. სხვათა შორის, გიორგისა და დიეგო მარტინესის გზებიც გადაკვეთილა - სწორედ ის წვრთნიდა გრანადას მაშინ, როცა მამარდაშვილი თბილისის ლოკომოტივში თამაშობდა და ესპანურ კლუბთან ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად 0:2 დამარცხდა. ქართველმა მეკარემ მაშინ 2 გოლი გაუშვა, მაგრამ თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო და ლოკო არაერთხელ გადაარჩინა.

მამარდაშვილი გრანადას წინააღმდეგ - 2020 წლის სექტემბერი

შეგახსენებთ, რომ ვალენსიას ძალიან წარუმატებელი სეზონი ჰქონდა და ლა ლიგის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მე-10 ადგილზეა, ხოლო ესპანეთის თასის ფინალში სევილიის ბეტისთან პენალტების სერიაში დამარცხდა. გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაუშვა და 9-ჯერ კარი მშრალად შეინახა. გიორგი 3-ჯერ ლა ლიგამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, 2-ჯერ კი ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელა.

კომენტარები

ბოლო ამბები