Thumbnail
  • პოლ პოგბა სეზონის ბოლოს მანჩესტერ იუნაიტედს დატოვებს
  • ფრანგი ნახევარმცველის დაბრუნებას იუვენტუსი ცდილობს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

პოლ პოგბა მანჩესტერ იუნაიტედთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს, რომლის ამოწურვამდე ორ თვეზე ნაკლები დარჩა.

29 წლის ფრანგი 1 ივლისიდან თავისუფალი აგენტი გახდება და ახალ კლუბში გადასვლა სურვილისამებრ შეეძლება. ბრიტანული გამოცემა "მირორი" წერს, რომ პოლს შეთავაზება იუვენტუსისგან აქვს.

როგორც ცნობილი გაზეთი იტყობინება, იტალიური გრანდი მზადაა, პოლს ხელფასის სახით სეზონში 9 მილიონი ევრო შესთავაზოს და პოგბაც თანახმაა, ტურინულ გრანდში დაბრუნდეს, სადაც 2012-2016 წლებში 178 მატჩში 34 გოლი გაიტანა.

პოგბას კარიერის საუკეთესო წლები იუვეში აქვს გატარებული

ფრანგ ნახევარმცველს იუვეს გარდა პარი სენ-ჟერმენსა და მადრიდის რეალს უკავშირებენ, მაგრამ ამ დროისთვის ყველაზე მეტად "ბიანკონერი" აქტიურობს, რომელსაც ნახევარდაცვაში გაძლიერება სჭირდება.

პოგბა მანჩესტერის აკადემიის აღზრდილია, 2012 წელს კი ის ინგლისური გრანდიდან უფასოდ იუვენტუსში გადავიდა, სადაც შესანიშნავი 4 სეზონი გაატარა და 2016 წელს "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდა. მანჩესტერელებმა მაშინ მის სანაცვლოდ 105 მილიონი ევრო გადაიხადეს. "წითელ ეშმაკებში" პოგბას ანგარიშზე 226 თამაში და 39 გოლია, თუმცა ამ 6 წელიწადში მან მხოლოდ ორი ტიტული მოიგო - ინგლისის ლიგის თასი და ევროპალიგა.

კომენტარები

ბოლო ამბები