Thumbnail
  • ჩელსის სკაუტების აზრით, ჰაალანდი პრემიერლიგაში ბევრს ვერ გაიტანს
  • ნორვეგიელ ცენტრფორვარდში ეჭვი სხვა კლუბებმაც შეიტანეს

ორიოდე დღის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ერლინგ ჰაალანდი დორტმუნდის ბორუსიას დატოვებს და ახალი სეზონიდან კარიერას პრემიერლიგაში, კერძოდ კი მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს.

ნორვეგიელი სუპერფორვარდის დამატება სიტის გარდა კიდევ რამდენიმე გრანდს სურდა. მათ შორის იყო ლონდონის ჩელსიც. “ლურჯები” ჰაალანდს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ და მისი დამატების საკმაოდ კარგი შანსებიც ჰქონდათ.

ESPN-ის ინფორმაციით, ჩელსის ხელმძღვანელები სკაუტების მოხსენების შემდეგ ჰაალანდისთვის ბრძოლას თავისივე ნებით ჩამოშორდნენ. კლუბის სკაუტების აზრით, 21 წლის ფეხბურთელს პრემიერლიგაში თამაში გაუჭირდება და ისეთივე შედეგიანი ვერ იქნება, როგორიც ბუნდესლიგაში იყო.

ჰაალანდის ტრანსფერი მანჩესტერ სიტიმ ოფიციალურად დაადასტურა

მათი აზრით, ჰაალანდის სათამაშო სტილის პრემიერლიგაში ადაპტირება რთულია. ნორვეგიელი საკმაოდ სწრაფია და იგი ამ პლუსს სივრცეების ათვისებისთვის კარგად იყენებს. პრემიერლიგაში, ბუნდესლიგასთან შედარებით, გუნდები უფრო მჭიდროდ დგანან და შესაბამისად, ნაკლები სივრცეები რჩება.

ESPN-ის მტკიცებით, ჩელსი არ იყო ერთადერთი გუნდი, რომელმაც ჰაალანდის ტრანსფერზე უარი თქვა. ნორვეგიელის შესაძლებლობებში დარწმუნებული არც ბარსელონა იყო. რეალი მის ტრავმიანობაზე ამახვილებდა ყურადღებას, თუმცა მადრიდული გრანდი მის დამატებას მაინც ბოლომდე ცდილობდა.

ერლინგ ჰაალანდმა ბუნდესლიგის 2021/22 წლების სეზონში 23 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 21 გატანილი გოლითა და 8 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ნორვეგიელმა ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში სულ 3 შეხვედრა გამართა და 3 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები