Thumbnail
  • უკრაინა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს რიგაში ჩაატარებს
  • უკრაინელები 1 ივლისს საქართველოს ნაკრებს უმასპინძლებენ, 7-ში - ესპანეთს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გასვლით მატჩს უკრაინასთან ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩაატარებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

უკრაინა-საქართველოს მატჩს 'არენა რიგა' უმასპინძლებს

"უკრაინის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევში თავის უახლოეს საშინაო მატჩებს რიგაში ჩაატარებს. სამწუხაროდ, ომის გამო ჩვენს გუნდს არ აქვს შესაძლებლობა, საშინაო შეხვედრები უკრაინაში ჩაატაროს. "არენა რიგაზე" 1 ივლისს გაიმართება აინარს ბაგატსკისის კალენდარული მატჩი საქართველოსთან, ხოლო 7 ივლისს - ესპანეთთან გადატანილი დაპირისპირება, რომელიც 27 თებერვალს კიევში უნდა ჩატარებულიყო", - წერს უკრაინის კალათბურთის ფედერაცია ოფიციალურ საიტზე.

მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე G ჯგუფში უკრაინას სამი მატჩი აქვს ჩატარებული და 1 მოგებითა და 2 მარცხით მესამე ადგილზეა, ჯგუფის ლიდერი კი 4 მატჩში 3 მოგებით და 7 ქულით სწორედ საქართველოს ნაკრებია. მეორე ადგილზე ესპანეთია (3 მატჩი, 3 მოგება), ბოლოზე კი ჩრდილოეთ მაკედონიაა, რომელმაც ოთხივე თამაში წააგო.

საქართველოს ნაკრებმა უკრაინას თბილისში ანგარიშით 88:83 მოუგო

ილიას ზუროსის გუნდი მომდევნო ჯგუფურ ეტაპზე უკვე ოფიციალურად არის გასული, თუმცა, მისთვის დარჩენილი მატჩებიც მნიშცნელოვანია, რადგანაც ამ ჯგუფის შედეგები მომდევნო ეტაპზეც გადავა. ქართველ კალათბურთელებს ზაფხულში ორი შეხვედრის ჩატარება ელით - უკრაინასთან გასვლითი თამაშის შემდეგ, 4 ივლისს შინ ესპანეთთან მოუწევთ დაპირისპირება.

კომენტარები

ბოლო ამბები