Thumbnail
  • ფილადელფია სიქსერსი 90:99 მაიამი ჰიტი
  • ჯოელ ემბიიდი კონფერენციის ფინალში ისევ ვერ გავიდა
  • ჯეიმს ჰარდენს მეორე ტაიმში ქულა არ მოუპოვებია
  • ბატლერი და კომპანია ბოსტონს ან მილუოკის ელიან
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

არავითარი მეშვიდე თამაში - მაიამი პირველი გუნდია, რომელმაც NBA-ს ნახევარფინალისა და კონფერენციის ფინალის საგზური მოიპოვა. ჰიტმა ფილადელფია სიქსერსი მე-6 მატჩში 99:90 დაამარცხა, რაც ჯიმი ბატლერისა და მეორე ტაიმში დომინანტური თამაშის დამსახურებაა.

თამაშსა და შედეგზე დიდი გავლენა იქონია დენი გრინის ტრავმამ, რომელიც მატჩს 3 წუთის შემდეგ, მას მერე გამოეთიშა, რაც ჯოელ ემბიიდი უნებლიედ ფეხზე დაეცა…

ამრიგად, მაიამი ერიკ სპოელსტრას ხელმძღვანელობით მეექვსედ გავიდა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში და მეორედ ბატლერთან ერთად. ამ უკანასკნელმა თავისი 32 ქულიდან (13/29, 8 მოხსნა) 14 მესამე პერიოდში ჩააგდო, როცა მაიამიმ გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება შეძლო (მეოთხედი 25:15 მოიგო). ბატლერთან ერთად, დამაჯერებლად ითამაშეს ბემ ადებაიომ (10 ქულა, 5/5, 8 მოხსნა) და მაქს სტრუსმა (20 ქულა, 6/13, 11 მოხსნა). პი ჯეი ტაკერი (12 ქულა, 6/9, 9 მოხსნა) მეორე ტაიმში იყო გამორჩეული.

ფილადელფიას კი, საკმაოდ ნორმალური პირველი ტაიმის შემდეგ ბევრი აღარაფერი გამოუვიდა. ჯეიმს ჰარდენს (11 ქულა, 4/9, 9 ასისტი, 4 დაკარგვა) მეორე ტაიმში მხოლოდ 2 სროლა ჰქონდა და უქულოდ დარჩა. ჯოელ ემბიიდს (20 ქულა, 7/24, 12 მოხსნა) მაიამის დაცვა ბრწყინვალედ ეთამაშებოდა და ბევრი ვერაფერი შეძლო. ყველაზე დიდი მონდომებით სიქსერსიდან ტაირიზ მაქსი (20 ქულა, 9/24) და შეიკ მილტონი (15 ქულა, 6/8) იბრძოდნენ.

მესამე პერიოდი მაიამის დაცვის სიძლიერის სრული დემონსტრირება გახლდათ. ფილადელფიას იოლი სროლები თითქმის არ ჰქონია და 22-დან მხოლოდ 6 ჩააგდო (27%). ამას ემატება 5 დაკარგვაც, საიდანაც მაიამიმ 7 ქულა აიღო.

მატჩის მთავარი სტატისტიკა კი შესაძლოა ეს იყოს: გუნდმა, რომელსაც ჰარდენი და ემბიიდი ჰყავს, 48 წუთში მხოლოდ 7 საჯარიმო ისროლა. ჰარდენს ერთი საჯარიმოც კი არ უსვრია, რაც აქამდე არასდროს მომხდარა ისეთ მატჩებში, როცა ის მინიმუმ 40 წუთს თამაშობდა.

მოკლედ, ჯოელ ემბიიდი კვლავ ვერ ახერხებს კონფერენციის ფინალში გასვლას. მართალია, ფილადელფიამ ზედიზედ მეხუთედ შეძლო პლეი ოფში გასვლა, მაგრამ მეოთხედ გავარდა მეორე წრეში. ფილა კონფერენციის ფინალში ბოლოს 21 წლის წინ იყო და 2001-ში ალენ აივერსონმა სიქსერსი სუპერფინალშიც გაიყვანა, სადაც ლეიკერსთან 1:4 დამარცხდა.

“ახლა ჯეიმს ჰარდენზე რეფერენდუმის გამართვას არ ვაპირებ. ჩვენ ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ. ჩემი დასკვნით, ჩვენი გუნდი არ იყო საკმარისად კარგი საიმისოდ, რომ მაიამის ეს გუნდი დაემარცხებინა.” - განაცხადა მატჩის შემდეგ ფილადელფიას მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა.

“NBA-ში არავის სურს მოგება ისე, როგორც ჯიმის. მან არ დაუშვა, რომ მეშვიდე თამაში გამხდარიყო საჭირო,” - ეს მაიამის დამრიგებლის, ერიკ სპოელსტრას სიტყვებია.

მაიამი აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში მეტოქეს ელოდება: ეს ან მილუოკი იქნება, ანაც ბოსტონი. შაბათს გამთენიისას იმ სერიაში მეექვსე თამაშია, იანისი და კომპანია 3:2-ს იგებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები