Thumbnail

ბრიტნი გრაინერს მოსკოვის ციხეში პატიმრობის ვადა გაუგრძელეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დღეს რუსეთში ბრიტნი გრაინერის სასამართლო შედგა
  • ამერიკელ კალათბურთელს ხიმკის ციხეში ტოვებენ

WNBA-ს ახალი სეზონი ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავის, ბრიტნი გრაინერის გარეშე დაიწყო და ის სამშობლოში არც ვერც მომავალში დაბრუნდება.

სამი თვეა, გრაინერი რუსეთშია დაჭერილი და მოსკოვთან, ხიმკის ციხეში ჰყავთ. თებერვლის შუა რიცხვებში აშშ-ში დაბრუნებას აპირებდა, როცა მოსკოვის აეროპორტში ელექტროსიგარეტის ისეთი ვეიპ-კარტრიჯები აღმოუჩინეს, რომელიც კანაფის ზეთს შეიცავს. რუსული კანონების მიხედვით მას ამის გამო 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. WNBA-ს გარდა, იგი 2015 წლიდან პაუზის დროს ხშირად თამაშობს ხოლმე ეკატერინბურგში.

დღეს, ხიმკის სასამართლომ გრაინერს პატიმრობის ვადა 18 ივნისამდე გაუგრძელა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულმა “რია ნოვოსტიმ” გაავრცელა. სასამართლო დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

კანაფის ზეთი რუსეთში აკრძალულია, დასავლეთის თითქმის ყველა ქვეყანაში კი ჩვეულებრივადაა დაშვებული. გრაინერს რუსები ნარკოტიკების კონტრაბანდასა და შენახვას ედავებიან, ეს კი, რუსული კანონებით 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.

ეს ფოტო მოსკოვში, გრაინერის დაკავების დროსაა გადაღებული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ში გრაინერის საქმე როჯერ კარსტენსს გადაეცა, რომელიც მძევლების საქმეებზე მუშაობს ხოლმე. მომდევნო ეტაპი რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების დაწყების მცდელობა უნდა ყოფილიყო.

ბრიტნი გრაინერი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, წარმატებული და პოპულარული ამერიკელი ქალი კალათბურთელია. ცხადია, ეს რუსებმაც იციან. არსებობს ეჭვი, რომ მათ ის სპეციალურად დააკავეს.

რას უნდა ველოდოთ გრაინერის საქმეში, ჯერჯერობით რთული სათქმელია. “ვმუშაობთ იმაზე, რომ ბრიტნი სახლში დავაბრუნოთ.” - ეს WNBA-ს შეფის, კატი ენგელბერტის სიტყვებია.

კომენტარები

ბოლო ამბები