Thumbnail

პირველად 2013 წლის შემდეგ - თბილისის გრანდ სლემზე იაპონელებიც გამოვლენ

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

თბილისის ძიუდოს გრანდ სლემზე, რომელიც საქართველოს დედაქალაქშიივნისში უნდა გაიმართოს, იაპონის ნაკრებიც გამოვა. ოფიციალურად დადასტურდა, რომ “ამომავალი მზის ქვეყნიდან” თბილისის ტატამიზე 5 ძიუდოისტი წარსდგება.

აღსანიშნავია, რომ იაპონელი ძიუდოისტები საქართველოს დედაქალაქში გასამართ ტურნირში პირველად ჩამოდიან 2014 წლიდან მოყოლებული, რაც თბილისი ჯერ გრან პრის, შემდეგ კი გრანდ სლემს მასპინძლობს. ბოლოს იაპონელები თბილისში 2013 წელს გამოვიდნენ, როდესაც ტურნირს მსოფლიო თასი (ევროპის ღია პირველობა) ერქვა.

თბილისის 2022 წლის გრანდ სლემზე იაპონიიდან დარეგისტრირდნენ: გენკი კოგა (-60 კგ), რიომა ტანაკა (-66), კენ ოიოში (-73), შოიჩირო მუკაი (-90) და ჰისაიოში ჰარასავა (+100). 

შარშანდელი თბილისის გრანდ სლემი პანდემიის გამო უმაყურებლოდ ჩატარდა

შეგახსენებთ, რომ თბილისის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი 2021 წელს პირველი გახდა გრანდ სლემის სტატუსის (მანამდე თბილისის გრან პრი იმართებოდა). შარშან ტურნირმა მაყურებლის გარეშე ჩაიარა და საქართველომ თბილისის გრანდ სლემი 9 მედლით დაასრულა: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო.

წლევანდელი თბილისის გრანდ სლემისთვის, რომლის ჩატარება 25-27 აპრილს იყო დაგეგმილი, მაგრამ უკრაინაში ომის გამო 3-5 ივნისისთვის გადაიდო, საქართველოს ნაკრების წინასწარი შემადგენლობა ცნობილია. ვაჟებში საქართველო კვოტას მთლიანად გამოიყენებს და წონაში 4 ძიუდოისტი ეყოლება (სულ 28), 7 წარმომადგენელი გვეყოლება ქალთა შორისაც. ბუნებრივია, განაცხადში შესაძლებელია ცვლილებები შევიდეს, თუმცა მინიმალური.

კომენტარები

ბოლო ამბები