Thumbnail
  • ხოსეპ გვარდიოლამ კრიტიკოსებს მკაცრი პასუხი გასცა
  • პეპმა ბერბატოვს, ევრას და ზეედორფს მიმართა

ხოსეპ გვარდიოლა საკმაოდ მკაცრად გამოეხმაურა კრიტიკას, რომელიც მას და მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გავარდნის შემდეგ დაატყდა.

სხვებთან ერთად, პეპს და მის გუნდს პრემიერლიგის ყოფილი ვარსკვლავები, კლარენს ზეედორფი, პატრის ევრა და დიმიტარ ბერბატოვი აკრიტიკებდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ სიტის მარცხის მიზეზი გუნდში გამორჩეული ხასიათის მქონე ფეხბურთელების არყოფნაა. მათი აზრით, როდესაც მადრიდის რეალმა თამაში თავის სასარგებლოდ შეატრიალა, გვარდიოლას გუნდს მოედანზე ლიდერი არ ჰყავდა.

პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე გვარდიოლამ მათ საკმაოდ ხისტი პასუხი გასცა.

“ჩემს გუნდებს მათ წინააღმდეგ უთამაშიათ და მე არ შემიმჩნევია განსაკუთრებული ხასიათი ან პიროვნული თვისებები მათში, როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მანჩესტერ იუნაიტედი დავანგრიეთ.” - განაცხადა პეპმა ირონიულად.

გვარდიოლას ბარსელონა იუნაიტედს ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2009 და 2011 წლებში დაუპირისპირდა და ბარსამ ორივე ფინალი მოიგო - 2:0 და 3:1. ევრამ ორივე ფინალში ითამაშა, ბერბატოვმა კი - მეორეში, შეცვლაზე.

პატრის ევრა სიტის მადრიდული მარცხის შემდეგ ამბობდა, გვარდიოლას ლიდერები არ უყვარს, თვითონ უნდა იყოს ლიდერიო. დაახლოებით ასეთივე კომენტარები გააკეთეს დიმიტარ ბერბატოვმა და კლარენს ზეედორფმაც.

“რა გამოდის? ლიდერი და გამორჩეული ხასიათის მქონე მოთამაშე არ გყავს, რადგან 1 წუთში 2 გოლი გაუშვი? და ეს მას შემდეგ, რაც ბევრი შანსი გქონდა?” - იკითხა გვარიოლამ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

ბოლო ამბები