Thumbnail

NBA | კლეი ტომპსონის ეფექტი - გოლდენ სტეიტმა მემფისს სერია მოუგო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • გოლდენ სტეიტ უორიორსი 110:96 მემფის გრიზლისი
  • გოლდენ სტეიტმა სერია 4-2 მოიგო და დასავლეთ კონფერენციის ფინალშია
  • კალიფორნიელებს გამარჯვებაში 30 ქულით კლეი ტომპსონი დაეხმარა

გოლდენ სტეიტი NBA-ს დასავლეთ კონფერენციის პლეი ოფის ფინალშია. უორიორსმა "ჩეიზ ცენტრში" გამართულ ნახევარფინალური სერიის მეექვსე მატჩში მემფის გრიზლისს აჯობა, სერია 4-2 მოიგო და 2019 წლის შემდეგ პირველად, კონფერენციის ფინალში ითამაშებს.

თამაში გარდამავალი, კალიფორნიელთა მცირე უპირატესობით წარიმართა, გადამწყვეტი კი ბოლო მეოთხედი აღმოჩნდა, რომლის წინ გოლდენ სტეიტს +1 ჰქონდა. ბოლო 12-წუთიან მონაკვეთში მასპინძლებმა 21:3 გაქცევა შეძლეს, მეოთხედი კი 32:19 მოიგეს და შეხვედრა საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანეს.  

უორიორსის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი წვლილი კლეი ტომპსონმა შეიტანა, რომელმაც 30 ქულას 8 მოხსნა და 2 პასი დაუმატა. მასპინძელთა მცველმა თამაშიდან 22-ჯერ ესროლა და 11-ჯერ მიზანს მიაღწია, მისი 14 სამქულიანიდან კი 8 ზუსტი იყო. აღსანიშნავია, რომ ტომპსონმა პლეი ოფის მატჩში 8 სამქულიანი კარიერაში მეოთხედ ჩააგდო და ამ მაჩვენებლით NBA-ს ისტორიაში ლიდერებს: რეი ალენს, სტეფ კარისა და დემიან ლილარდს გაუთანაბრდა. 

დრეიმონდ გრინი და სტეფ კარი კონფერენციის ფინალში გასვლას ზეიმობენ

გოლდენ სტეიტში ორმაგი დუბლებით ენდრიუ უიგინსი (18 ქულა, 11 მოხსნა) და დრეიმონდ გრინი (14 ქულა, 15 მოხსნა) გამოირჩნენ, მემფისში კი ყველაზე შედეგიანი ფორვარდი დილონ ბრუკსი იყო. კანადელის ანგარიშზე 30 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასია.

მთლინაობაში, უორიორსს ამ მატჩში 70 მოხსნა ჰქონდა, რაც 1983 წლის შემდეგ NBA-ს პლეი ოფის მატჩისთვის უმაღლესი მაჩვენებელია. 

კევონ ლუნიმ 22 მოხსნა მიითვალა  

"მთელი ამ ტრავმების შემდეგ კვლავაც შემიძლია უმაღლეს დონეზე გამოსვლა. სეზონის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოვხვდით და ძნელია სიტყვებით ამ გრძნობის გადმოცემა. ეს უბრალოდ დიდებულია და ძალას მმატებს, რათა ამავე სულისკვეთებით გავაგრძელო. ვფიქრობ, ჯერ კიდევ შემიძლია ბრწყინვალედ თამაში", - თქვა თამაშის შემდეგ კლეი ტომპსონმა.

გოლდენ სტეიტ უორიორსი დასავლეთ კონფერენციის პირველი ფინალისტია. კალიფორნიელების მეტოქე ფინიქს სანსი-დალას მავერიკსის სერიაში (3-3) გაირკვევა, რომელშიც გადამწყვეტი მატჩი კვირას უნდა გაიმართოს. 

კომენტარები

ბოლო ამბები