Thumbnail

PREVIEW | ბოლოსწინა ფინალი - ატალანტა მილანისთვის უხერხული მეტოქეა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • 📅 15 მაისი | 🏟 სან სირო | ⌚ 20:00 | ⚽ მილანი V ატალანტა
  • მილანს ჩემპიონობამდე 4 ქულა აშორებს, მაგრამ ატალანტასთან თამაში უჭირს
  • ბერგამოელებმა მილანში ბოლოს 8 წლის წინ წააგეს
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის შესახებ უნდა იცოდეთ

მილანისთვის სკუდეტო ხელის გაწვდენაზეა და ორი ფინალი დარჩა გასამართი, რომელშიც სტეფანო პიოლის გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს სასურველი შედეგის მისაღწევად.

სერია A-ს 2021/22 წლების სეზონი დასასრულს უახლოვდება და ყველაფერი მილანის ხელთაა, რომელიც საკუთარ თავზეა დამოკიდებული - ინტერს 2 ქულით უსწრებს, ურთიერთშეხვედრებშიც სჯობნის და ამგვარად, დარჩენილ ორ ტურში 11-წლიანი პაუზის შემდეგ ნანატრი ჩემპიონობის მოსაპოვებლად 4 ქულა ეყოფა! ეს ბევრი არ არის, მაგრამ ახლა "როსონერი" განსაკუთრებულ წნეხშია მოქცეული. აქამდე მილანელები ამ წნეხს კარგად უმკლავდებოდნენ, ვნახოთ, ამჯერად რა იქნება.

მილანს 37-ე ტურში უხერხული მეტოქე ჰყავს. ჯერ ერთი, რომ ჯან პიერო გასპერინის გუნდი ევროპალიგაზე გასასვლელად იბრძვის და ქულების დაკარგვის უფლება არ აქვს. მეორეც - მილანს ატალანტასთან თამაში ძალიან უჭირს. ეს იმის მიუხედავად, რომ ამ გუნდთან ბოლო ორი დაპირისპირება შავ-წითელთა გამარჯვებით დასრულდა.

მარტო ის რად ღირს გავიხსენოთ, რომ 2019 წლის დეკემბერში ატალანტამ მილანს 5:0 მოუგო და სამარცხვინო მარცხი აგემა. სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ, სტეფანო პიოლიმ თქვა, რომ სწორედ ამ წაგებამ შეცვალა მილანის გზა და იმ თამაშის შემდეგ მისი გუნდი სხვანაირად, პოზიტიურად ათამაშდა, რამაც იქამდე მიიყვანა, სადაც ახლაა. გარდა ამისა, რაც უნდა უცნაური იყოს, მილანს ატალანტა "სან სიროზე" 2014 წლის 6 იანვრის შემდეგ არ დაუმარცხებია! ბერგამოელთა ბოლო 7 სტუმრობა მილანში მარცხის გარეშე დასრულდა, რაც თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს.

მილანმა ატალანტას ბოლოს შინ რომ მოუგო, იმ მატჩში კაკამ 'როსონერიში' მე-100 გოლი გაიტანა

ამ შეხვედრას ორივე გუნდი პრაქტიკულად იდეალური შემადგენლობით ხვდება. ატალანტამ წინა ტურში სტუმრად სპეციას მოუგო, ხოლო მილანმა ასევე გასვლაზე ვერონას აჯობა (ორივემ იდენტური ანგარიშით 3:1 დასრულდა). მილანელებს ბოლო შეხვედრებში სანდრო ტონალი ლიდერობს, რომელმაც გასულ სეზონთან შედარებით ძალიან მოუმატა და "როსონერის" გულშემატკივრები მასში უკვე მომავალ კაპიტანს ხედავენ.

ზოგადად, მიმდინარე სეზონში და დიდწილად მეორე წრეში, მილანის მთავარი ძალა დაცვაში ძალიან მაღალ დონეზე თამაშია, რაზეც ის მეტყველებს, რომ მეორე წრის ჩატარებულ 17 ტურში "როსონერიმ" მხოლოდ 9 გოლი გაუშვა. ასეთი გამორჩეული შედეგი არა მხოლოდ დაცვის ხაზის, არამედ მეკარე მაიკ მენიანის დამსახურებაა, რომელმაც ჯანლუიჯი დონარუმა უმტკივნეულოდ შეცვალა.

ასე რომ, მილანს თითქოს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ 2011 წლის შემდეგ პირველად და ისტორიაში მე-19 სკუდეტო მოიგოს. თუმცა, იქამდე, შავ-წითლებს ატალანტასთან შეცდომის დაშვების უფლება არ აქვთ.

საინტერესო ფაქტები

⚽ მილანმა ატალანტასთან სერია A-ში ბოლო ორი მატჩი მოიგო, მაშინ, როდესაც მანამდე 11 თამაშში მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდა ბერგამოელთა წინააღმდეგ (4 ფრე, 6 წაგება).

⚽ "როსონერიმ" ატალანტა ბოლოს ზედიზედ სამჯერ ერთი მწვრთნელის თავკაცობით 1993-1996 წლებში დაამარცხა, როცა გუნდს ფაბიო კაპელო წვრთნიდა.

⚽ ატალანტას მილანთან სტუმრად ბოლო 7 მატჩი არ წაუგია (3 მოგება, 4 ფრე). ამ 7 თამაშიდან ხუთში ბერგამოელებმა გოლიც არ გაუშვეს. მილანმა ატალანტას შინ ბოლოს 2014 წლის 6 იანვარს 3:0 მოუგო.

⚽ ბოლო 10 სეზონში 36-ე ტურის შემდეგ ყველაზე მეტჯერ სწორედ მილანი-ატალანტას მატჩი გაიმართა (7). 3 შეხვედრა "როსონერიმ" მოიგო, ერთი "ნერაძურიმ", ხოლო 3-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

⚽ მილანმა ბოლო 15 სეზონში მხოლოდ ერთხელ მოახერხა სეზონში მინიმუმ 80 ქულის დაგროვება - 2010/11 წლების სეზონში, რომელიც 82 ქულით დაასრულა და სკუდეტოც მოიპოვა.

⚽ მიუხედავად იმისა, რომ ატალანტამ მიმდინარე სეზონში სტუმრად 12 თამაში მოიგო, რაც მისთვის სარეკორდო მაჩვენებელია და ამ სეზონში მხოლოდ მილანს აქვს გასვლაზე უფრო მეტი გამარჯვება (13), ბერგამოელებმა ბოლო 3 საგარეო თამაში წააგეს იმ გუნდებთან, რომლებიც სატურნირო ცხრილის მოწინავე ათეულში არიან (ფიორენტინასთან, რომასა და სასუოლოსთან).

⚽ მილანი არის გუნდი, რომელმაც სერია A-ს მიმდინარე სეზონში საკუთარი კარის მიმართულებით ყველაზე ნაკლები დარტყმა მიიღო (154). მიმდინარე წელს "როსონერიმ" მხოლოდ 9 გოლი გაუშვა და ტოპჩემპიონატებში მხოლოდ ლივერპულს აქვს უკეთესი შედეგი (8).

⚽ მიმდინარე სეზონში ატალანტას 20-მა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი და სერია A-ს ისტორიაში მხოლოდ ფიორენტინაა გუნდი, რომლის უფრო მეტმა ფეხბურთელმა გაიტანა სეზონში 1 გოლი მაინც - 21 მოთამაშემ 2014/15 წლების სეზონში.

⚽ ოლივიე ჟირუ შეიძლება გახდეს ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე (35 წლის და 227 დღის), რომელიც სერია A-ში სადებიუტო სეზონში მინიმუმ 10 გოლს გაიტანს (ამჟამად 9 გოლი აქვს). ჯერჯერობით, სადებიუტო სეზონში, ყველაზე ხანდაზმულ ასაკში მინიმუმ 10-ჯერ თავი კრიშტიანო რონალდომ გამოიჩინა.

⚽ მარიო პაშალიჩს ბოლო ოთხ მატჩში გოლი აქვს გატანილი და ატალანტას არცერთ ფეხბურთელს, ფორვარდების გარდა, სერია A-ში ასეთი კარგი სერია არ ჰქონია მას მერე, რაც გამარჯვებაზე გუნდებს 3 ქულა ენიჭებათ.

⚽ ლუის მურიელს ატალანტას მაისურით სერია A-ში 49 გოლი აქვს გატანილი და კიდევ ერთი გოლის გატანის შემთხვევაში, გაუთანაბრდება პაპუ გომესსა და იორგენ სორენსენს, რომელთა აქტივში 50-50 გოლია. ისინი ბერგამოელთა გოლეადორთა ისტორიაში იტალიის ჩემპიონატის ეგიდით მე-6 ადგილს იყოფენ.

⚽ ამ გუნდების ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა, 2-ჯერ კი ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ მილანის ბოლო 5 მატჩში 3-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 2-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ ატალანტას ბოლო 5 მატჩში 4-ჯერ 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა და 4-ჯერ ორივე გუნდმა გაიტანა.

⚽ მილანი და ატალანტა სერია A-ში ერთმანეთს 121-ჯერ შეხვედრიან. 54 შეხვედრა მილანელებმა მოიგეს, 26 ბერგამოელებმა და 41-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი (4-2-3-1): მენიანი - კალაბრია, კალულუ, ტომორი, ტეო ერნანდესი - ბენასერი, ტონალი - სელმაეკერსი, კესი, ლეაო - ჟირუ.
ტრავმა: კიაერი.

ატალანტა (3-4-1-2): მუსო - ჯიმსიტი, დემირალი, პალომინო - ჰატებური, დე როონი, ფროილერი, ძაპაკოსტა - კუპმაინერსი - საპატა, მურიელი.
ტრავმა: ილიჩიჩი, პეცელა, ტოლოი.

კომენტარები

ბოლო ამბები