Thumbnail

The Times-ის ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ მსოფლიო რაგბიში ახალი საერთაშორისო ტურნირი, ერთა ჩემპიონატი იქნება, რომლის ელიტური დივიზიონი სტარტს 2026 წლიდან აიღებს, ჩელენჯ დივიზიონი კი, სადაც საქართველოს ნაკრები იასპარეზებს, 2024 წლიდან დაიწყება. ტურნირი ლუწ წლებში ჩატარდება - ჩრდილოეთ ნახევარსფეროს 6 გუნდი სამხრეთის 6 გუნდს დაუპირისპირდება ივლისსა და ნოემბერში, გაიმართება დიდი ფინალი და გავარდნა/აღზევების პლეი ოფიც. 

საქართველო VS უელსი 2019 წლის მსოფლიოს თასზე

მართალია, გავარდნა/აღზევება მხოლოდ ამ ახალ ტურნირს შეეხება და 6 ერის მონაწილეებზე გავლენას ვერ იქონიებს (ის, რის გამოც ტურნირის იდეა 2019 წელს ჩავარდა), მაგრამ ევროპულ ქვეყნებში აღნიშნულ იდეასაც კრიტიკით შეხვდნენ. გასაოცარი ის არის, რომ იტალიელებზე მეტად (რომელთაც პირველ რიგში ემუქრებათ პლეი ოფში, დიდი ალბათობით, "ბორჯღალოსნებთან" თამაში) პლეი ოფის იდეა უელსელებსა და შოტლანდიელებს აშინებთ. 

სწორედ ამის გამო სემ უორბარტონმა, ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა უელსური რაგბის მამები მკაცრად გააკრიტიკა. ის ამტკიცებს, რომ თუკი რომელიმე 6 ერის ან სამხრეთული რაგბი ჩემპიონშიპის მონაწილე გავარდება, ეს რაგბის განვითარებას ხელს შეუწყობს და არა პირიქით. 

უორბარტონმა The Times-ში ახალ ტურნირს სპეციალური სვეტი მიუძღვნა: "თუ რომელიმე ქვეყანას აშინებს ეს, და მე პირველ რიგში უელსზე ვფიქრობ, ეს მათ განვითარებას ხელს შეუწყობს. მეტს იფიქრებენ სარაგბო პროგრამების განვითარებაზე, რომ გავარდნა არ დაუშვან. ცხოვრება ასეთია, ან ცურავ ან იძირები. იმედი მაქვს, რომ ეს შიში ხელს შეუწყობს რაგბიში ცვლილებებს იმ ქვეყნებში, სადაც ეს აშკარად საჭირო გახდა. 
თუ უელსი არ არის საკმარისად კარგი, ის უნდა გავარდეს. როგორც უელსელი თუ საჭიროა ნაკრებს მხარს საქართველოსთან, ესპანეთთან და იტალიასთან მატჩებშიც დავუჭერ მხარს. ვფიქრობ, ეს დიდებული იდეაა. ვიცი, რომ არიან ისეთებიც, ვისაც ეს არ მოსწონთ, მაგრამ სპორტის ამ სახეობას ძალიან სჭირდება ცვლილებები. 

ვფიქრობ, მორაგბეებს ახალი ტურნირი მოეწონებათ. ძალიან ხშირად საზაფხულო ტურებს აკლია მნიშვნელობა და ისინი მხოლოდ ფინანსურად არიან საინტერესო. დიახ, სარეიტინგო ქულებიც მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მთავარი. მე მაგალითად, სიამოვნებით წავიდოდი საქართველოში, რათა თბილისში მენახა რეალურად გადამწყვეტი დაპირისპირება, რომელსაც მნიშვნელობა აქვს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები სამჯერ ეთამაშა უელსს და სამივეჯერ დამარცხდა, თუმცა პირველი ტესტი 2017 წელს უელსში კინაღამ სენსაციით დასრულდა, სარაგბო წესებში ხრიკების წყალობით, უელსელებმა საქართველოს ნაკრებს ბოლო წუთებზე ლელოს გატანის შანსი მოუსპეს და 13:6 გაიმარჯვეს. 2019 წლის მსოფლიოს თასზე უელსმა უკვე დამაჯერებლად დაამარცხა საქართველოს ნაკრები - 43:14. 2020-ში კი გუნდები ერთმანეთს შემოდგომის ერთა თასზე შეხვდნენ - 18:0 უელსის სასარგებლოდ. 

თავიდან საქართველოს ნაკრები ერთა ჩემპიონატის ჩელენჯ დივიზიონში იასპარეზებს, თუმცა თუ ჩრდილოეთში 6 მატჩში საუკეთესო შედეგს აჩვენებს, პლეი ოფში თამაშის უფლებას მიიღებს, ელიტის ჩდრილოეთის 6 გუნდში უარესი შედეგის მქონე ნაკრების წინააღმდეგ. პლეი ოფში გამარჯვებული კი ელიტაში ითამაშებს. 

სემ უორბარტონი 33 წლისაა, მან კარიერა 2018 წელს დაასრულა, ის მხოლოდ კარდიფ ბლუსში თამაშობდა. უელსის ნაკრებში მან 74 კეპი მიითვალა და 25 ქულა მოუტანა ნაკრებს. "ბრიტანელი ლომების" რიგებში უელსელმა 5-ჯერ ითამაშა. სემმა დიდი რეზონანსი გამოიწვია შარშან, როცა 6 ერზე იტალიის მორიგი მარცხის შემდეგ BBC-ის ეთერში მკაცრად განაცხადა, რომ ტურნირზე ცვლილებების დრო მოვიდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები