Thumbnail
  • შოთა არველაძე რედაქციაში გვესტუმრა და ბევრი ვისაუბრეთ
  • როგორ აფასებს ჰალში გატარებულ პირველ თვეებს
  • რას ფიქრობს საქართველოს ნაკრებზე, კვარას ტრანსფერზე
  • შოთიმ განსაკუთრებით ემოციურად ახლახან გატანილ გოლზე ისაუბრა

ინგლისის ჩემპიონშიპში სეზონი დასრულდა და შოთა არველაძე თბილისშია. პოპსპორტი ამ შანსს ხელიდან ვერ გაუშვებდა: საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი და ჰალ სიტის მთავარი მწვრთნელი რედაქციაში გვესტუმრა.

შოთისთან სალაპარაკო ბევრი დაგროვდა და ცხადია, ბევრიც ვილაპარაკეთ - ბრიტანული სამწვრთნელო კარიერის დასაწყისზე, ჩემპიონშიპის გამოწვევებზე, საქართველოს ნაკრებზე, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე... მისი ყველა პასუხი საინტერესოა, განსაკუთრებით ემოციურად კი იმ საოცარ გოლზე ისაუბრა, ახლახან რომ გაიტანა რეინჯერსის იუბილეზე. 49 წლის ასაკში. 

"მე თუ ოდესმე გოლი კიდევ ასე გამიხარდებოდა, არ მეგონა." - გვითხრა არველაძემ და ეს ალბათ არავის გაუკვირდება - საქართველოში სიტყვები გოლი და შოთა ხომ სინონიმებია.

'ვწყნარდებოდი, კონტე თუ ასე თამაშობს, შოთიკო, შენც რომ დაცვიდან ითამაშო, დიდი ამბავი-მეთქი'

პოპსპორტთან ინტერვიუში, რომელსაც ქვემოთ ვიდეოში ნახავთ, შოთიმ თავისებური იუმორით თავის გუნდზეც გვითხრა და მის სამწვრთნელო კრედოზეც: "მე ჩემებზე ვნერვიულობდი და ვჩხუბობდი, 10 კაცით ვიცავდით თავს-მეთქი და მერე საღამოს, ხასიათის გამოსაკეთებლად კონტეს ვუყურებდი ხოლმე, როგორ იცავდა მისი გუნდი თავს 10 კაცით და ვწყნარდებოდი - კონტე თუ ასე თამაშობს, შოთიკო, შენც რომ ითამაშო, დიდი ამბავი-მეთქი."

მოკლედ, ინტერვიუ ძალიან საინტერესო გამოვიდა და მის სრულ ვერსიას ვიდეოში ნახავთ:

შოთა არველაძე ინგლისურ კლუბში მიმდინარე წლის იანვრის მიწურულს დაინიშნა და 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მას მიზნად ჩემპიონშიპში ადგილის შენარჩუნება დაუსახეს და ამ მიზანს მიაღწია - შოთას ხელმძღვანელობით ჰალმა 19 მატჩი ჩაატარა (6 მოგება, 4 ფრე, 9 მარცხი). ჰალმა საბოლოოდ, 46 ტურში 51 ქულა მოაგროვა, 24-გუნდიან ლიგაში მე-19 პოზიცია დაიკავა და ჩემპიონშიპში ადგილი შეინარჩუნა.

წინ ახალი სეზონია - არველაძე და ჰალის ხელმძღვანელები ზაფხულში გუნდის გაძლიერებას ეცდებიან და მიმავალი სეზონის მიზნებზე შოთას ალბათ სატრანსფერო პერიოდის მიწურულს უნდა ვესაუბროთ.

კომენტარები

ბოლო ამბები