Thumbnail

ლენოვო ტენერიფეს ქართველი ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესას 2021-22 წლების სეზონის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

საინტერესოა, რომ 33 წლის შერმადინმა ამ წარმატებას ზედიზედ მესამედ მიაღწია, კიდევ ერთხელ კი, 2016-17 წლების სეზონში, საუკეთესო კვინტეტში მაშინ შეიყვანეს, როდესაც მორაბანკ ანდორას ღირსებას იცავდა.

“შერმადინმა კიდევ ერთი დიდებული სეზონი ჩაატარა და მისი შედეგებით სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით (21.5), ზუსტ ორქულიანებსა (5.1) და საჯარიმოებში (5.0) მე-2 იყო. გარდა ამისა, მე-3 ადგილზე გავიდა საშუალოდ ჩატენვებში (1.6), მე-5 იყო ქულებით (15.2), მე-6 - დაცვაში მოხსნებში (4.1), საშუალო პლუს/მინუს მაჩვენებელი კი +3.8 (მე-18) აღმოაჩნდა. გიორგი ტურის საუკეთესო კალათბურთელი 4-ჯერ გახდა”, - წერს ლიგა ენდესას ოფიციალური ვებ-გვერდი.

ცნობისთვის, ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების გამოვლენაში გუნდების მწვრთნელები, მოთამაშეები, ჟურნალისტები და ქომაგები მონაწილეობდნენ (თითოეულზე 25% მოდიოდა). ცენტრის პოზიციაზე მწვრთნელებმა და ქომაგებმა შერმადინი პირველ ადგილზე დაასახელეს, მასმედიამ და მოთამაშეებმა კი მე-2 ადგილი მიუჩინეს.

ქართველი კალათბურთელის გარდა, საუკეთესოთა შორის, ტენერიფეში მისივე თანაგუნდელი მარსელინიო უერტასი, ნიკო ლაპროვიტოლა (ბარსელონა), ძანან მუსა (ბრეოგანი) და ჩიმა მონეკე (მანრესა) მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული 4 სეგმენტი ლიგა ენდესას სეზონის საუკეთესო მოთამაშის (MVP) გამოვლენაშიც არის ჩართული, ამ ტიტულის მოქმედი მფლობელი კი სწორედ გიორგი შერმადინია. უკვე ცნობილია ქომაგების გამოკითხვის შედეგები, რომლებმა პირველობა ხსენებულ მუსას (28 899) მიანიჭეს, ქართველი კალათბურთელი კი მეორეზე გავიდა 20.298 ხმით. ახლა, ჯერი მწვრთნელებზე, მოთამაშეებსა და ჟურნალისტებზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები