Thumbnail

ჟენევის ტურნირზე ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველი ჩოგბურთელი შვეიცარიაში არგენტინელ ფაკუნდო ბანისს დაუპირისპირდება
  • შესაძლოა, ბასილაშვილი დენის შაპოვალოვსაც შეხვდეს და რევანშის შანსიც ექნება

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რომის მასტერსზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ, შვეიცარიაში გადაინაცვლა და მომავალ კვირაში ჟენევის ღია პირველობაში ჩაებმება, რომლის საპრიზო ფონდიც 597 900 ევროა.

30 წლის ბასილაშვილი Gonet Geneva Open-ზე მე-5 ნომრადაა განთესილი და პირველი წრეში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ფაკუნდო ბანისს შეხვდება. არგენტინელმა ჩოგბურთელმა საკვალიფიკაციო ბადეში ორ მეტოქეს აჯობა: 4:6, 6:3, 6:2 – სლოვაკ ლუკას კლეინთან და 6:2, 6:3 – უკრაინელ ვიტალი საჩკოსთან.

ფაკუნდო ბანისმა კვალიფიკაციაში 2 მატჩი მოიგო

ქართველი ჩოგბურთელი 32 წლის ბანისს ერთადერთხელ შეხვედრია და დადებითი ბალანსი აქვს. ნიკოლოზმა ფაკუნდოს 2015 წლის უიმბლდონის პირველ წრეში 6:4, 7:6 (7:3), 6:2 სძლია, შემდეგ მას ფელისიანო ლოპესი მიაყოლა (7:5, 3:6, 6:3, 2:6, 6:4) და მხოლოდ მერეღა გამოვარდა კიდევ ერთ ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტთან მატჩში – 6:7 (4:7), 0:6, 1:6.

თუკი ბასილაშვილმა ბანისს ამჯერადაც აჯობა, მერვედფინალში ესპანელ პაბლო ანდუხარსა და პორტულალიელ ჟოაო სოუზას შორის გამარჯვებულს შეხვდება, მეოთხედფინალში შესაძლო გასვლის შემთხვევაში კი, დიდი ალბათობით, კანადელ დენის შაპოვალოვს გაეჯიბრება და რომის მასტერსზე წაგების გამო, რევანშის შანსიც ექნება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჟენევაში კორტს უბრუნდება ტრავმამოშუშებული რუსი დანიილ მედვედევი, რომელიც პირველ ნომრად იქნება განთესილი. ფავორიტთა შორის არიან ნორვეგიელი კასპერ რუუდი, ხსენებული შაპოვალოვი, ამერიკელები რეილი ოპელკა და ტომი პოლი. შვეიცარიაშია ჩასული ავსტრიელი დომინიკ ტიმიც, რომელიც ძველ დროში იქნებ ჩემპიონობის მთავარ კანდიდატადაც მიგვეჩნია, ბოლო პერიოდია, კი სასურველი ფორმის დაბრუნებას ვერაფრით ახერხებს.

კომენტარები

ბოლო ამბები