Thumbnail

სიტიმ ქულები დაკარგა! ლივერპულს ჯერარდის დახმარება სჭირდება

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ვესტ ჰემ იუნაიტედი 2:2 მანჩესტერ სიტი
  • მანჩესტერ სიტიმ ქულები დაკარგა, მაგრამ ისევ ყველაფერი მის ხელთაა

პრემიერლიგაში საჩემპიონო ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა და ეს ვესტ ჰემ იუნაიტედის დამსახურებაა, რომელმაც მანჩესტერ სიტის სეზონის ბოლოსწინა ტურში უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინა.

პეპ გვარდიოლას გუნდი ამ ტურამდე ლივერპულს 3 ქულით უსწრებდა და ბურთების ბალანსიც უკეთესი გააჩნდა, მაგრამ ლონდონში წაგება მისთვის მაინც საგანგაშო იქნებოდა. სიტი ახლოს იყო მარცხთანაც და მოგებასთანაც, თუმცა, საბოლოოდ ქულას დასჯერდა - 2:2.

რიად მაჰრეზის გაცუდებული პენალტი

პირველ ტაიმში ვესტ ჰემის შემტევმა ჯარედ ბოუენმა დუბლი შეასრულა და "ქალაქელები" შოკში ჩააგდო. მიუხედავად ამისა, სიტი არ გატყდა და მე-2 ტაიმში ანგარიში გაათანაბრა. ჯეკ გრილიშმა 49-ე წუთზე შეამცირა სხვაობა, ხოლო 20 წუთში ვლადიმირ ცოუფალმა ავტოგოლი გაიტანა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. სიტის მოგებისთვის იდეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ რიად მაჰრეზმა პენალტი ვერ გაიტანა. ალჟირელმა 86-ე წუთზე ლუკაშ ფაბიანსკის ვერ აჯობა და ვინ იცის, ეს შეცდომა მის გუნდს რამდენად ძვირად დაუჯდება.

მანჩესტერ სიტის 90 ქულა აქვს და ლივერპულს 4 ქულით უსწრებს, მაგრამ იურგენ კლოპის გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ამგვარად, ლივერპული "ცოცხალია" და პრემიერლიგის მოგების შანსი ჯერ კიდევ აქვს, მაგრამ საამისოდ, საჭიროა მერსისაიდელებს სტივენ ჯერარდი დაეხმაროთ - სიტი ბოლო ტურში 22 მაისს, სწორედ ჯერარდის გაწვრთნილ ასტონ ვილას უმასპინძლებს.

ვესტ ჰემი 2:2 მანჩესტერ სიტი

გოლები: 1:0 ბოუენი (24), 2:0 ბოუენი (45), 2:1 გრილიში (49), 2:2 ცოუფალი (69. საკ-კარში)

კომენტარები

ბოლო ამბები