Thumbnail

ჩაკვეტაძე არ ათამაშეს, ჰამბურგი პლეი ოფშია - ვერდერი ბუნდესლიგაში დაბრუნდა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ბრემენის ვერდერი გერმანიის ბუნდესლიგას შალკესთან ერთად დაუბრუნდა
  • ჰამბურგს ამის შანსი პლეი ოფში ექნება და მისი მეტოქე ბერლინის ჰერტაა

ჰამბურგი გერმანიის ბუნდესლიგასთან ერთ ნაბიჯშია. გიორგი ჩაკვეტაძის გუნდი პლეი ოფში ითამაშებს და ეცდება, რომ 2018 წლის შემდეგ ელიტაში პირველად დაბრუნდეს.

მე-2 ბუნდესლიგის ბოლო ტურში HSV სტუმრად როსტოკის ჰანზას გაეჯიბრა და მხოლოდ 3 ქულა სჭირდებოდა მე-3 ადგილზე გასასვლელად - მისია წარმატებით იქნა შესრულებული. ჰამბურგელებმა პირველი ტაიმი წააგეს, მე-2 ნახევარში კი რობერტ გლატცელის, ბასტიან შონლაუსა და მიკელ სორენსენის გოლებით გამარჯვება მოიპოვეს - 3:2. სტუმართა მთავარმა მწვრთნელმა ტიმ ვალტერმა გიორგი ჩაკვეტაძე ისევ არ ათამაშა: ქართველი ფეხბურთელი 90 წუთი თადარიგში დარჩა.

ჰამბურგი 60 ქულით მე-3 ადგილზე გავიდა და დარმშტადტს ბურთების უკეთესი ბალანსით აჯობა. ამგვარად, პლეი ოფში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ბუნდესლიგის მე-16 ადგილოსანი ბერლინის ჰერტა იქნება. ყველაფერს ორმატჩიანი დუელი გაარკვევს (19-23 მაისს). აღსანიშნავია, რომ ჰამბურგმა მე-2 ბუნდესლიგაში მე-4 სეზონი გაატარა და წინა სამ შემთხვევაში ძალიან ცოტა აკლდებოდა, ყოველთვის მე-4 ადგილზე ასრულებდა სეზონს, ამჯერად კი პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა.

ბრემენში ბუნდესლიგაში დაბრუნებას ზეიმობენ

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ჰამბურგს იანვარში იჯარით შეუერთდა და 12 მატჩში თითო გოლითა და საგოლე პასით გამოირჩა. ბოლო პერიოდში ქართველს სათამაშო დრო საერთოდ არ ეძლევა და გადაწყვეტილია, რომ გერმანული კლუბი მას არ გამოისყიდის.

დღესვე ბუნდესლიგაში დაბრუნდა ბრემენის ვერდერი, რომელმაც რეგენსბურგი 2:0 დაამარცხა და 63 ქულით მე-2 ადგილი დაიკავა. "ბრემენელი მუსიკოსების" გარდა, ბუნდესლიგაში გელზენკირხენის შალკეც დაბრუნდა, თუმცა "ხუმარების" აღზევება ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ იყო გადაწყვეტილი.

აქვე გეტყვით, რომ მე-2 ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ პლეი ოფში ითამაშებს გურამ გიორბელიძის დრეზდენის დინამო, რომელმაც სეზონი მე-16 ადგილზე დაასრულა. დინამოელებმა პლეი ოფში კაიზერსლაუტერნს უნდა აჯობონ, რომელიც თავის მხრივ მე-3 ლიგიდან ცდილობს აღზევებას. გურამ გიორბელიძე დრეზდენელთა ღირსებას იჯარით იცავს (ავსტრიული ვოლფსბერგერის საკუთრებაა) და ამ სეზონში 18 მატჩი ჩაატარა.

კომენტარები

ბოლო ამბები