Thumbnail

'ერთი ოჯახი ვიყავით' - ლორენცო ინსინიე ნაპოლის დაემშვიდობა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლორენცო ინსინიემ ნეაპოლში ბოლო თამაში ჩაატარა და ტიფოზებს გამოეთხოვა
  • ლუჩანო სპალეტიმ ის ტოტის, ბაჯოსა და დელ პიეროს გვერდით დააყენა

ლორენცო ინსინიე, რომელიც კარიერას MLS-ში, კერძოდ კი, ტორონტოში გააგრძელებს (მის შემცვლელად ნაპოლიმ ხვიჩა კვარაცხელია შეიძინა), მშობლიურ კლუბს დაემშვიდობა.

ნაპოლიმ სტადიო მარადონაზე ჯენოას უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ერთი გოლი სწორედ იტალიელმა ფეხბურთელმა გაიტანა, პენალტით. აღსანიშნავია, რომ მან პირველი ცდით ბურთი ძელს გაარტყა, მაგრამ საჯარიმოში ფეხბურთელების ნაადრევად შევარდნის გამო მსაჯმა პენალტი გაამეორებინა და ამჯერად, ინსინიეს შეცდომა არ დაუშვია.

მატჩის დაწყებამდე ნეაპოლურ პუბლიკასთან დამშვიდობების ცერემონია გაიმართა და ლორენცო ინსინიემ ფანებს საგანგებო წერილი წაუკითხა:

"პირველ რიგში, მადლობა ქალაქს, რომელმაც ყველაფერი მომცა. მე აქ გავიზარდე, ერთად ვზეიმობდით და ერთად ვიტანჯებოდით, ზოგჯერ ვკამათობდით კიდეც, მაგრამ ყოველთვის ერთად ვიყავით, უზარმაზარი ოჯახივით. მიყვარს ჩემი მიწა და ჩემი ხალხი. ნაპოლიში თამაში არა მხოლოდ საოცარი გამოცდილება იყო, არამედ დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც სიყვარულით და სიამაყით მივიღე. წლების განმავლობაში დაუვიწყარი მომენტები დავაგროვეთ, რომელსაც მთელი ცხოვრება ვატარებ. მადლობა ყველას, ტიფოზებს, თანაგუნდელებს, პერსონალს, მწვრთნელებს, ყველას, ვისაც ჩემი სჯეროდა. შორს მივდივარ, მაგრამ ნეაპოლი ჩემი სახლია".

ინსინიე ნაპოლის ლეგენდად იქცა

ლორენცოს შესახებ მატჩის შემდეგ ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა და ისეთ ლეგენდარულ ფეხბურთელებს შეადარა, როგორებიც რობერტო ბაჯო, ალესანდრო დელ პიერო და ფრანჩესკო ტოტი არიან:

"ის ფეხბურთის ისეთი ჯადოქრების ნაწილია, როგორებიც დელ პიერო, ბაჯო და ტოტი არიან. როგორც კი, გავიგე, რომ წავიდოდა, მაშინვე სინანულის გრძნობა დამეუფლა. ეს არის არჩევანი, რომელსაც უნდა შევეგუოთ. ახლა, საჭიროა ამავე ხარისხისა და ტექნიკის მქონე ფეხბურთელით შევცვალოთ".

ლორენცო ინსინიე ნეაპოლში დაიბადა და ნაპოლის აკადემიის აღზრდილია. კავეზეში, ფოჯასა და პესკარაში იჯარით თამაშის შემდეგ ლორენცო ნაპოლიმ 2012 წელს დაიბრუნა და მას შემდეგ 433 შეხვედრაში 122 გოლი გაიტანა. სწორედ დღევანდელი გოლით ინსინიემ მარეკ ჰამშიკს გადაასწრო და ნაპოლის ყველა დროის გოლეადორებში მხოლოდ დრის მერტენსს ჩამორჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები