Thumbnail

ძიუდო | საქართველოს ნაკრებში ცვლილებებია, თბილისში უკრაინაც მოდის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველ ძიუდოისტთა რაოდენობა 38-მდე გაიზარდა
  • ტურნირზე უკრაინელი ვარსკვლავი დარია ბილოდიდიც გამოვა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებში, რომელიც თბილისში 3-5 ივნისს დაგეგმილ გრანდ სლემზე საასპარეზოდ ემზადება, ცვლილებებია. წინასწარ განაცხადს კიდევ 3 ძიუდოისტი დაემატა, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობა 38-მდე გაიზარდა.

ცვლილებები არ შეხებია კაცთა გუნდს, რომელსაც ქვოტა სრულად აქვს ათვისებული ანუ შვიდ წონაში ოთხი ძიუდოისტით (ჯამში 28) წარსდგება, სამაგიეროდ, ქალთა ნაკრებს 3 წარმომადგენელი დაემატა: მარი მახარაშვილი (52 კგ.), გვანცა მჭედლიშვილი (57 კგ.) და მარიამ ციხელაშვილი.

ამ დროისთვის თბილისის გრანდ სლემზე განაცხადი 33 ქვეყანას (272 მონაწილე) აქვს გაკეთებული, ყველაზე დიდი გუნდებით ჩამოსვლას კი ყაზახეთი (26), საფრანგეთი (24), ბრაზილია (20), თურქმენეთი (19) და კუბა (17) აპირებენ.

სასიხარულოა, რომ საქართველოს დედაქალაქს ესტუმრება უკრაინის ძიუდოისტთა ნაკრები, რომელიც გასაგებ მიზეზთა გამო, საუკეთესო ფორმაში ვერ იქნება. უკრაინელებს თბილისში 13 ძიუდოისტი მოჰყავთ, რომელთა შორის ყველაზე ტიტულოვანი მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონი და ტოკიოს ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი დარია ბილოდიდია.

თბილისის გრანდ სლემზე დარია ბილოდიდსაც ვიხილავთ

შეგახსენებთ, რომ თბილისის გრანდ სლემი 25-27 მარტს უნდა გამართულიყო, მაგრამ უკრაინაში ომის გამო გადაიდო. თბილისის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი 2021 წელს გახდა გრანდ სლემის სტატუსის, მანამდე კი თბილისის გრან პრი იმართებოდა. შარშან ტურნირმა მაყურებლის გარეშე ჩაიარა და საქართველომ გამოსვლა 9 მედლით დაასრულა: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 4 ბრინჯაო.

ჩემპიონები თემურ ნოზაძე (60 კგ.) და გელა ზაალიშვილი (+100 კგ.) გახდნენ, ვერცხლის მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.), ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) და ილია სულამანიძე (100 კგ.) დაეუფლნენ, ბრინჯაოს კი - ალეკო მამიაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი (ორივე - 73 კგ.), ტატო გრიგალაშვილი (81 კგ.) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ.). აღსანიშნავია, რომ გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა პირველი ადგილი დაიკავა.

საქართველოს ნაკრების წინასწარი განაცხადი

-60 კგ: ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი, თემურ ნოზაძე, გიორგი სარდალაშვილი
-66 კგ: ვაჟა მარგველაშვილი, გიორგი თუთაშვილი, ლაშა ნადირაძე, საბა კაპანაძე
-73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი, გიორგი ჩიხელიძე, ფრიდონ გიგანი
-81 კგ: ტატო გრიგალაშვილი, ვლადიმერ ახალკაცი, ლევან გუგავა, გიორგი შერაზადიშვილი
-90 კგ: ლუკა მაისურაძე, უშანგი მარგიანი, გიორგი პაპუნაშვილი, იმედა გოგოლაძე
-100 კგ: ილია სულამანიძე, ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი, ომარ საური
+100 კგ: გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი, გიორგი ქავთარაძე, ონისე ბუღაძე
-48 კგ: ნატალია ყიფშიძე
-52 კგ: მარიამ ჯანაშვილი, მარი მახარაშვილი
-57 კგ: ეთერ ლიპარტელიანი, გვანცა მჭედლიშვილი
-63 კგ: რეგინა უთნელიშვილი, მარიამ ციხელაშვილი
-70 კგ: ინდირა სილაგაძე 
-78 კგ: მარიამ ჭანტურია
+78 კგ: სოფიო სომხიშვილი

კომენტარები

ბოლო ამბები