Thumbnail
  • გიორგი წიტაიშვილმა პოლონეთში სადებიუტო გოლი გაიტანა
  • ლუკა ლოჩოშვილმა თავი სეზონში პირველად გამოიჩინა

კრაკოვის ვისლა, რომლის ღირსებასაც გიორგი წიტაიშვილი იცავს, პოლონეთის ეკსტრაკლასადან გავარდა, არადა, ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა.

ვისლა ბოლოსწინა, 33-ე ტურში რადომიაკს ესტუმრა და მე-8 წუთზე წიტაიშვილის ეფექტური გოლით დაწინაურდა კიდევაც. კრაკოველებმა მე-2 ტაიმის სტარტზე მეორეც გაიტანეს და უმნიშვნელოვანესი გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს, თუმცა, დარჩენილ დროში 4 უპასუხო გოლი გაუშვეს და 2:4 წააგეს.

📺 წიტაიშვილის გოლი რადომიაკთან

ამგვარად, ვისლას 33 ტურში 31 ქულა აქვს და გასავარდნი ზონიდან ვერ ამოვა, რადგან უახლოეს მდევარ შლიონსკს 4 ქულით ჩამორჩება და წინ მხოლოდ ერთი ტურია დარჩენილი. წიტაიშვილი ვისლას ცოტა ხნის წინ შეუერთდა და 6 მატჩში 1 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოასწრო. მას კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და ალბათ, ვისლაში აღარ დარჩება.

ქართული გოლი გავიდა ავსტრიის ბუნდესლიგის 31-ე ტურშიც, სადაც თავი ლუკა ლოჩოშვილმა გამოიჩინა. ქართველი ფეხბურთელის ვოლფსბერგერი სტუმრად ოთარ კიტეიშვილის შტურმს დაუპირისპირდა და 4:1 მოიგო. ლუკამ მე-8 წუთზე გაიტანა და ანგარიში გახსნა. ეს მისთვის სეზონის 28-ე შეხვედრაში პირველი გოლი იყო. ლოჩოშვილი 65-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო გრაცელთა რიგებში 72-ე წუთიდან ითამაშა ოთარ კიტეიშვილმა, რომელიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და ეს ნამდვილად კარგი ამბავია, რადგან სულ მალე საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესი მატჩები ელოდება.

შტურმი ბოლო ტურის წინ მე-2 ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოპოვებული აქვს, ხოლო ვოლფსბერგერი სატურნირო ცხრილში მეხუთეა და კონფერენსლიგაზე ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები