Thumbnail

ლენოვო ტენერიფეს ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის 2021-22 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის (MVP) გამოკითხვაში მე-2 ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ შერმადინი აღნიშნული ტიტულის მოქმედი მფლობელი გახლდათ, ახლა კი, ბრეოგანის ბოსნიელ ლეგიონერ ძანან მუსას ჩამორჩა, რომელმაც მაქსიმალური შედეგი (100 ქულა) ერგო.

ლიგა ენდესას მიერ დადგენილი წესის თანახმად, გამოკითხვაში გულშემატკივრები, მწვრთნელები, მოთამაშეები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ, თითოეულ სეგმენტს კი 25-პროცენტიანი წილი ჰქონდა.

ოთხივე გამოკითხვაში პირველობა მუსას ერგო, გიორგი შერმადინს კი ჯამში 40 ქულა დაუწერეს. ქართველი ცენტრი მე-2 ადგილზე გაიყვანეს ქომაგებმა და მასმედიამ (15-15 ქულა), მწვრთნელებმა კი მე-3 პოზიციაზე (10) გაამწესეს. უცნაურია, თუმცა, ლიგა ენდესას მოთამაშეებმა გიოს ქულაც კი არ არგუნეს, არადა, გასულ სეზონში, ჩვენებურმა მუსას მსგავსად, 100 ქულა დაიმსახურა.

ბოსნიელი და ქართველი კალათბურთელების შემდეგ, გამოკითხვაში ადგილები ასე გადანაწილდა: ჩიმა მონეკე (მანრესა, 35), ნიკოლა მიროტიჩი (ბარსელონა, 30), მარსელინიო უერტასი (15) და ნიკო ლაპროვიტოლა (ბარსელონა, 13).

შეგახსენებთ, რომ მანამდე ლიგა ენდესამ სეზონის სიმბოლური ხუთეული დაასახელა და გიორგი შერმადინი მასშიც მოხვდა უერტასთან, ლაპროვიტოლასთან, მუსასთანა და მონეკესთან ერთად.

კომენტარები

ბოლო ამბები