Thumbnail
  • ფინიქს სანსი 90:123 დალას მავერიკსი
  • რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდი არნახულად განადგურდა
  • დონჩიჩმა და დინვიდიმ კობისა და შაკის შედეგი გაიმეორეს
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

NBA-ს პლეი ოფიდან მოქმედი ჩემპიონიც გავარდა და ვიცე-ჩემპიონიც!

ჯერ მილუოკი ბაქსი ბოსტონ სელტიკსთან მეშვიდე თამაშში დამარცხდა, მერე კი ვიცე-ჩემპიონმა და რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდმა ფინიქს სანსმა, ასევე მეშვიდე მატჩში, დალასთან წააგო 33-ქულიანი სხვაობით (!). მავერიკსი დასავლეთ კონფერენციის ფინალში გოლდენ სტეიტს შეხვდება, სელტიკსი კი - აღმოსავლეთის ფინალში მაიამი ჰიტს.

დამაინც: როგორ გაანადგურა დალასმა ფინიქსი ასე? ეს დუელი ისტორიაში სწორედ იმით შევა, რომ არნახული დემონტაჟი შედგა. დალასმა პირველივე ტაიმში დაშალა მეტოქე, რომელსაც შეტევაში თითქმის არაფერი გამოსდიოდა. ლუკა დონჩიჩმა თავისი გუნდი მალევე დააყენა გამარჯვების გზაზე - მავერიკსმა ფაქტობრივად თავიდანვე მოიპოვა გადამწყვეტი უპირატესობა, რომელიც ხელიდან აღარც გაუშვა.

საბოლოოდ, სლოვენიელი სუპერვარსკვლავის სტატისტიკას 35 ქულა (12/19, 6/11 სამქულიანი) მიემატა. პლუს ამას, დონჩიჩს 10 მოხსნა და 4 ასისტიც ჰქონდა. არანაკლებ სოლიდური დახმარება გაუწია მას სპენსერ დინვიდიმ (30 ქულა, 11/15) და აღსანიშნავია ჯეოლენ ბრანსონის (24 ქულა, 11/19) შესანიშნავი თამაშიც.

ტექსასელებმა ჯამში თამაშიდან სროლების 56,8 პროცენტი ჩააგდეს. ამავდროულად, დალასის დაცვამ რეგულარული სეზონის საუკეთესო გუნდს უდიდესი პრობლემები შეუქმნა: ფინიქსმა სროლების მხოლოდ 37,9 პროცენტი ჩააგდო. კრის პოლს (10 ქულა, 4 პასი, 4/8), დევინ ბუკერს (11 ქულა, 3/14) და დეანდრე ეიტონს (5 ქულა, 2/5) საშინელი დღე ჰქონდათ. სანსიდან საუკეთესო კამერონ ჯონსონი გახლდათ - 12 ქულით… 

როგორც დონჩიჩი და დინვიდი იმსახურებენ საუკეთესო ეპითეტებს სასწაული პირველი ტაიმის გამო (27:17, 30:10 დალასის სასარგებლოდ), ისე იმსახურებს ქებას დალასის დაცვაც. ტექსასელევმა პოლი, ბუკერი და ეიტონი აბსოლუტურად “განაიარაღეს”. გამოსარჩევია ასევე ბალოკისა და ფინი-სმითის კარგი თამაში. თავად განსაჯეთ: ფინიქსის დიდ სამეულს პირველ ტაიმში 1/15 ჰქონდა თამაშიდან!

კიდევ რამდენიმე სტატისტიკა ფინიქსის საშინელი პირველი ტაიმიდან: 24 წუთის შემდეგ თამაშიდან სროლების მხოლოდ 24,4 პროცენტი იყო ზუსტი (10/41), სამქულიანებში ეს მაჩვენებელი 21,4 პროცენტზე გახლდათ (3/14) და ამავდროულად, ფინიქსს თითქმის იმდენი დაკარგვა ჰქონდა (7), რამდენიც ასისტი (8). 

შედეგად, მივიღეთ ფინიქსის ყველაზე ცუდი პირველი ტაიმი ამ სეზონში (რეგულარულის ჩათვლით) - სანსმა მატჩის პირველ ნახევარში მხოლოდ 27 ქულა აიღო (დალასმა 57).

დონჩიჩს პირველ ტაიმში ზუსტად იმდენი ქულა ჰქონდა, რამდენიც ფინიქსს მთლიანად!

ასევე ESPN Stats & Info-ს ცნობით, NBA-ს ისტორიაში პირველად მოხდა ისე, რომ პლეი ოფის მეშვიდე თამაშში გუნდმა პირველი ტაიმი 30-ქულიანი უპირატესობით მოიგო. ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ დალასს ეს მატჩი მოგებული ჰქონდა, რადგან მანამდე მავერიკსმა ზედიზედ 54 შეხვედრა მოიგო, რომელშიც პირველი ტაიმის შემდეგ მინიმუმ 20 ქულით მაინც იგებდა.

დონჩიჩს დალასის ლეგენდა დირკ ნოვიცკი ულოცავს

დონჩიჩი და დინვიდი პირველი თანაგუნდელები არიან კობი ბრაიანტისა და შაკილ ო’ნილის შემდეგ, რომლებმაც პლეი ოფის მე-7 მატჩში 30-ქულიანი ზღვარი გადალახეს. კობიმ და შაკმა ეს 2002 წელს, კინგსთან კონფერენციის ფინალში შეძლეს.

“ასეთია ლუკა. მას უყვარს ეს სცენა. რაც უფრო დიდია სცენა, მით უფრო უკეთესად თამაშობს დონჩიჩი. ბევრი ფიქრობდა, რომ ფინიქსს ვერ მოვუგებდით. პირიქით ამბობდნენ, დალასი განადგურდებაო. ჩვენ ყველას კარგი პასუხი გავეცით,” - თქვა მატჩის შემდეგ მავერიკსის მთავარმა მწვრთნელმა ჯეისონ კიდმა.

“ასეთი ცუდი თამაში მთელ სეზონში არ გვქონია. მაინცდამაინც ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში ვითამაშეთ ყველაზე ცუდად. ამ მარცხზე პასუხისმგებელი მე ვარ,” - ეს ფინიქსის მთავარი მწვრთნელის, მონტი უილიამსის სიტყვებია, რომელმაც კითხვაზე, თუ რატომ ითამაშე დეანდრე ეიტონმა მხოლოდ 17 წუთი, ასე უპასუხა: “ეს ჩვენი შიდა საქმეა.”

კომენტარები

ბოლო ამბები