Thumbnail

ლეკლერმა ნიკი ლაუდას ისტორიული ფერარი დაამტვრია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • შარლ ლეკლერის უიღბლობა მონაკოს ტრეკზე გრძელდება
  • კვირას მან ფერარის ისტორიული ბოლიდი დააზიანა
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

ფორმულა 1-ში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერმა შარლ ლეკლერმა კვირას Grand Prix de Monaco Historique-ზე მიიღო მონაწილეობა და მაგრად არ გაუმართლა: ფერარის 24 წლის პილოტმა ნიკი ლაუდას ისტორიული ბოლიდი დაამტვრია.

ტრადიციულ რბოლაში ლეკლერმა Ferrari 312T-ს უკანა ნაწილი სერიოზულად დააზიანა.

ეს ის ბოლიდია, რომლითაც 1975 წელს ლეგენდარულმა ლაუდამ მსოფლიოს პირველი ჩემპიონობა იზეიმა. მანქანის ფასი 6-დან 8 მილიონ დოლარამდეა.

ნიკი ლაუდა ამ ბოლიდით ნიურბურგრინგზე (1974 წლის 4 აგვისტო)

“როცა ფიქრობ, რომ მონაკოში უფრო დიდი უიღბლობა აღარ უნდა დაგემართოს და კარგავ მუხრუჭებს ფერარის ერთ-ერთ ყველაზე საკულტო ბოლიდში” - ასე გამოეხმაურა ლეკლერი ავარიას ტვიტერში.

მონაკო და ლეკლერი მართლაც დიდი უიღბლობის ისტორიაა. მონაკოს გრანპრიზე, მშობლიურ ტრეკზე ლეკლერმა სამჯერ ირბოლა და ფინიშამდე ვერც ერთხელ ვერ მიაღწია. მაგალითად შარშან, ლეკლერს მონაკოში პოული ჰქონდა მოგებული, მაგრამ პრობლემის გამო ვერ დასტარტა.

მონაკოს მიმდინარე სეზონის გრანპრი ორ კვირაში, 29 მაისს უნდა გაიმართოს და იმედია, შარლ ლეკლერი ამჯერად მაინც ირბოლებს უიღბლობის გარეშე.

კომენტარები

ბოლო ამბები