Thumbnail
  • როგორც ჩანს, კილიან მბაპეს რეალში გადასვლა გადაწყვეტილია
  • Marca-ს ინფორმაციით, მხარეები 5-წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ
  • მოუსმინე: სტატიის აუდიო ვერსია

მთავარი ესპანური სპორტული გამოცემის, Marca-ს ინფორმაციით, კილიან მბაპე და მადრიდის რეალი ყველაფერზე შეთანხმდნენ!

როგორც ჩვენი ესპანელი კოლეგები თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, წინა კვირაში მადრიდულ გრანდსა და პარი სენ-ჟერმენის ფრანგ სუპერვარსკვლავს შორის ყველა დეტალზე შედგა შეთანხმება და მბაპე კარიერას რეალში გააგრძელებს.

Marca იმასას წერს, რომ რეალი ფეხბურთელს დაელოდება - ჯერ მბაპემ უნდა დაადასტუროს, რომ პარი სენ-ჟერმენიდან მიდის და მადრიდელები მხოლოდ ამის შემდეგ გამოაცხადებენ ტრანსფერს ოფიციალურად. მბაპე სამეფო კლუბის ფეხბურთელი 1 ივლისიდან უნდა გახდეს - მას პსჟ-სთან კონტრაქტი უმთავრდება. 

23 წლის ფორვარდი რეალთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ბოლო ინფორმაციით, რეალი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონს 180 მილიონ ევროს, წელიწადში 40-მილიონიან ხელფასს და მისი სახის გამოყენებისთვის სარეკლამო შემოსავლების 50 პროცენტს სთავაზობდა.

გასულ უიკენდზე მბაპე საფრანგეთის ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მესამედ დაასახელეს. დაჯილდოებაზე ფრანგმა დაადასტურა, რომ მომავალთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს. “მალე ყველა ყველაფერს გაიგებს. გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, დიახ, თითქმის,” - თქვა მან და დასძინა: “რატომ დამჭირდა ამდენი დრო? ყველა მხარეს პატივი უნდა ვცე. ვიცი, რომ ხალხი ჩემგან ბევრს ელოდა და ელის. მეც ვჩქარობ, მაგრამ საქმე მხოლოდ მე არ მეხება. მაგრამ ახლა თითქმის ყველაფერი გარკვეულია, მხოლოდ 1-2 დეტალი დარჩა.”

მოკლედ, ტრანსფერის დადასტურებას მალე უნდა ველოდოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები